დავით ტურაშვილი 52 წლის გახდა

საქართველო, თბილისი - 10:06 | 10.05.2018
ნანახია: 1385

დღეს დავით ტურაშვილი 52 წლის გახდა. ქართველი მწერალი დავით ტურაშვილი 1966 წლის 10 მაისს დაიბადა. მან თბილისის 57-ე საშუალო სკოლა დაამთავრა. სწავლობდა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ლიტერატურის, კინოსა და ხელოვნების ისტორიას სწავლობდა თბილისის,ხოლო შემდეგ ლონდონისა და მადრიდის უნივერსიტეტებში, კინოდრამატურგიას - ერლომ ახვლედიანის სასცენარო სახელოსნოში.

იღებდა აქტიურ მონაწილეობას 80–იანი წლების სტუდენტურ მოძრაობაში, როგორც უნივერსიტეტის პრეს-კლუბის აქტიური წევრი. იყო 1989 წელს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში მოწყობილი სტუდენტური საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ბოლო წლების განმავლობაში, მწერლობასთან ერთად, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობასაც – კითხულობდა ლექციების კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე.

მისი პირველი რომანი დაიბეჭდა 1988 წელს. ყველაზე უკეთ ცნობილი ნაწარმოებია „ჯინსების თაობა“, რომლის სცენური ვერსიის პრემიერა 2001 წლის მაისში გაიმართა თავისუფალ თეატრში. მის სხვა ნაწარმოებთა შორისაა სამგზავრო წერილების კრებული „კატმანდუ“ (1998) და „ცნობილი და უცნობი ამერიკა“ (1993), ასევე მოთხრობათა ორი კრებული და კინოსცენარები. მისი მოთხრობათა პირველი კრებული „მერანი“ გამოიცა 1991 წელს.

გარდა სცენარებისა წერს რომანებს, მოთხრობებსა და პიესებს. დავით ტურაშვილის პირველი პროზაული კრებული გამოქვეყნდა 1991 წელს. დღეისთვის გამოცემული აქვს 12 წიგნი. მისი მოთხრობები თარგმნილია 7 ენაზე და გამოქვეყნებულია სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატურულ პერიოდიკაში. ასევე არის ავტორი სამეცნიერო-კვლევითი წერილებისა ლიტერატურათმცოდნეობასა და ისტორიოგრაფიაში. თარგმნილი აქვს როგორც პროზაული, ასევე პოეტური ტექსტები რუსული, ესპანური და ინგლისური ენებიდან.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე