საქართველოში ოპერატიული სახანძრო მანქანების წარმოება დაიწყება

საქართველო, თბილისი - 12:54 | 03.05.2018
ნანახია: 1031

ავსტრიულ კომპანია „როზენბაუერისა“ და ქართული კომპანია „დელტას“ თანამშრომლობით საქართველოში ოპერატიული სახანძრო მანქანების წარმოება დაიწყება. აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის სხდომაზე დღეს პრემიერ-მინისტრმა გააღჟერა, რომელმაც  სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს რეფორმების ძალიან მნიშვნელოვან პაკეტი დაანონსა.

“ის ითვალისწინებს გაცილებით უფრო მეტ ჩართულობას, უფრო ეფექტურია და, ასევე, არის უფრო გამარტივებულიც.

დეტალურად იმიჯნება სახელმწიფო უწყებების კომპეტენციები და საგანგებო სიტუაციების სამსახური ხდება შემფასებელი, გადაწყვეტილებების მიმღები, შესაბამისად - პასუხისმგებელიც და კოორდინატორიც. 

ამას გარდა, რეფორმების პაკეტი ითვალისწინებს სხვა სიახლეებსაც. ესენია - მოხალისეთა სისტემა, ალტერნატიული სამხედრო სამსახური და კრიზისების პრევენციის მიზნით სამეცნიერო წრეების ჩართვა.

სამართლებრივი ბაზის სრულყოფის პარალელურად, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფრასტრუქტურის გაძლიერებასა და განახლებაზე. უკვე გამოცხადებულია ტენდერი სპეციალურად ტყეებისთვის სახანძრო მანქანების შეძენაზე.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება იქნა მიღწეული ავსტრიულ კომპანიასთან, რომელიც მსოფლიოში გახლავთ ლიდერი ასეთი ტიპის მოწყობილობების წარმოების, ეს არის -„როზენბაუერი“. ის ჩვენს ქართულ კომპანია „დელტასთან“ ერთად დაიწყებს ოპერატიული სახანძრო მანქანების ერთობლივ წარმოებას. „პიკაპის“ ჩონჩხზე აწყობილი მანქანები იქნება, რომლებსაც ექნება კომპანია „როზენბაუერის“ აპარატურა და მოწყობილობა, რაც არის მსოფლიოში აპრობირებული, ძალიან ეფექტური ოპერატიული სახანძრო-სამაშველო მანქანები.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უკვე მალე, რამდენიმე თვეში გვექნება პირველი ეგზემპლარები და წლის ბოლომდე, პრაქტიკულად, უნდა გვქონდეს გამართული წარმოება ასეთი ტიპის მანქანების.

ცვლილებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახური მიაწვდის მედიას. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფოს ეფექტიანობის ამაღლებისთვის ეს ყველაფერი იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი”, აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე