3 და 4 მაისს საქართველოში ქვევრის ღვინის მეორე საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება

საქართველო, თბილისი - 20:20 | 02.05.2018
ნანახია: 1826

ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ინიციატივით და ორგანიზებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2018 წლის 3 და 4 მაისს, საქართველოში, ქვევრის ღვინის მეორე საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება.

კონკურსის მიზანს, მსოფლიოსთვის საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა, სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლება, ქვევრის ღვინის წარმოების და მოხმარების ხელის შეწყობა  წარმოადგენს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქვევრის ღვინის მწარმოებლებს, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან. საკონკურსო ნიმუშებს, ორი დღის განმავლობაში,  ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური გასინჯავს და შეაფასებს.

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი საქართველოში პირველად 2017 წელს ჩატარდა.  პირველი კონკურსის შედეგად 150 ღვინის ნიმუშიდან 22-მა ოქროს, 20-მა ვერცხლის და 29-მ ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდერეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია. ეს აღიარება მნიშვნელოვანია ქვევრის ღვინის ცნობადობის  ამაღლებისთვის და კონკურსი კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციას მსოფლიოში.

2017 წელს მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი, საიდანაც, ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა და უდიდესი გავლენა იქონია სოფლის მეურნეობის, ხალხთა კულტურის, ბიოლოგიის, მედიცინისა და ზოგადად, ცივილიზაციების ჩამოყალიბებაზე.

კონკურსის მხარდამჭერები არიან: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე