2 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლო პრეზერვატივ „აიისას“ რეკლამის კანონიერებაზე იმსჯელებს

საქართველო, თბილისი - 20:03 | 01.05.2018
ნანახია: 1069

2018 წლის 02 მაისს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლო ი/მ ანი გაჩეჩილაძის მიმართ ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს განიხილავს, რომლითაც მერია მიიჩნევს, რომ პრეზერვატივ „აიისას“ შეფუთვა და მისი რეკლამა  არაეთიკურია. თბილისის მერია მოითხოვს როგორც პრეზერვატივის მწარმოებლის დაჯარიმებას (500 ლარის ოდენობით), ასევე მისთვის მოვალეობის დაკისრებას, უარი თქვას შეფუთვისა და რეკლამის სამომავლო გამოყენებაზე.

GDI-ს მიაჩნია, რომ „აიისას“ მიმართ თბილისის მერიის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი არის დაუსაბუთებელი და გამოცემულია სათანადო გამოკვლევის გარეშე. ოქმში არაფერია ნათქვამი ადრესატის კონკრეტულად რომელი ქმედება (რომელი რეკლამა ან შეფუთვა) მიიჩნია ადმინისტრაციულმა ორგანომ არაეთიკურად ან რაში გამოიხატა თავად ქმედების არაეთიკურობა.

ამავდროულად, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ წარმოებული სამართლებრივი პროცესი ცალსახად ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას, რაც დაცულია როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პრაქტიკით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციითა და მის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ  საქმეზე Sekmadienis LTD v. Litunia სახელმწიფოს მიერ სამეწარმეო სუბიექტის დაჯარიმება კომერციული მიზნებით იესოს და მარიამ ღვთისმშობლის შედარებების გამოყენებისთვის, კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევად მიიჩნია. სასამართლომ აღნიშნა, რომ მსგავს გამოხატვას ვინმეს რელიგიური გრძნობა რომც შეელახა, არ შეიძლება რომელიმე ხედვის ან იდეოლოგიის სავალდებულოდ გამოცხადება და ინდივიდზე თავსმოხვევა, ხოლო სახელმწიფოს არ გააჩნია არანაირი უფლება, ჩამოაყალიბოს შეხედულებათა სავალდებულო სისტემა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ „დაუშვებელია კონკრეტული პირის ან პირთა ჯგუფის ზნეობრივი ნორმების ან მსოფლმხედველობის საზოგადოების სხვა ჯგუფებზე თავსმოხვევა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლოს მეშვეობით“, ხოლო „დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანებს აქვთ თმენის ვალდებულება იმ მოსაზრებების მიმართ, რომელთაც ისინი არ იზიარებენ ან, თუნდაც თვლიან ზნეობრივად გაუმართლებლად.“

საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ „ზნეობრიობის საკითხების სასამართლო წესით განსჯადობა უარყოფით ეფექტს იქონიებს [გამოხატვის] თავისუფლებაზე იმდენად, რამდენადაც, უმეტეს შემთხვევაში, ძნელია ობიექტურად იმის განსაზღვრა, რა შეესაბამება ზნეობრივ ნორმებს და რა არა. ასეთი საკითხების სასამართლო წესით განსჯადობა გამყინავ ეფექტს იქონიებს [გამოხატვის] თავისუფლებაზე და შედეგად დააზარალებს მთლიანად საზოგადოებას.“

აღნიშნულ დავაში ანი გაჩეჩილაძის ინტერესებს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) წარმოადგენს და მას სრულ სამართლებრივ დახმარებას საერთო, ხოლო საჭიროების შემთხვევაში საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლშიც, გაუწევს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე