პარლამენტთან ლგბტ თემის წარმომადგენელთა აქცია მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 11:10 | 01.05.2018
ნანახია: 884

"ლგბტ უფლებები ადამიანის უფლებებია!" - ამ ლოზუნგით თბილისში პარლამენტის შენობასთან აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციიდან სოფო კილაძის გათავისუფლებას ითხოვენ.

„არ აღვნიშნავთ, ჩვენი ნებაა" - ასე უპასუხა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარემ, სოფიო კილაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას. როგორც თავჯდომარის განცხადებიდან ჩანს, კომიტეტი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნას აღარ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ 17 მაისის ყოველწლიურად აღნიშვნა 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმაში იყო გათვალისწინებული. 

„პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის საქმიანობის მიზანია ხელი შეუწყოს დემოკრატიული და ადამიანის უფლებების პატივისცემაზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობას, უმცირესობების წარმომადგენელთა სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში, ადამიანის უფლებების და სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზის სრულყოფას”.

თუმცა:

• უშუალოდ სოფიო კილაძის მიერ მოხდა კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრების ინიცირება, რომელიც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ იქნა შეფასებული როგორც უკანგადადგმული ნაბიჯი ლგბტ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით!

• ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე შერჩევითი პრინციპით უდგება ადამიანის უფლებებს და არაფერს აკეთებს ლგბტ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად; 

სოფიო კილაძე და მისი კომიტეტი ხშირად უჭერენ მხარს ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო ინიციატივებს. შეგახსენებთ, რომ სოფიო კილაძე ასევე ღიად უჭერს მხარს რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას საქართველოში, რომელიც საქართველოს მოქალაქეების სისტემური ჩაგვრის ინსტრუმენტია.

დღესდღეობით, საჯაროდ გაცხადებული მიზნების მიუხედავად, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი და კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე სისტემატიურად უგულვებელყოფს ადამიანის უფლებებს!

ჩვენ მოვითხოვთ:

1. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და უზრუნველყოს ადამიანის უფლებების არაშერჩევითი დაცვა;

2. საქართველოს პარლამენტმა გაათავისუფლოს სოფიო კილაძე ადამიანის უფლებათა დაცვისა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან, რადგან მისი საქმიანობა და ღირებულებები არ შეესაბამება ადამიანის უფლებების და თანასწორობის პრინციპებს", - ნათქვამია "თანასწორობის მოძრაობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე