გერმანიის მთავრობა საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის დამატებით 252,7 მილიონ ევროს გამოყოფს.

საქართველო, თბილისი - 17:09 | 30.04.2018
ნანახია: 1134

2018 წლის 30 აპრილს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ბატონმა მამუკა ბახტაძემ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა, ქალბატონმა ჰაიკე ფაიჩმა, ხელი მოაწერეს ფინანსური თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და საქართველოს შორის. ამ შეთანხმებით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა განვითარების სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს თითქმის 253 მილიონ ევროს (22,7 მილიონი ევროს გრანტს და 230 მილიონი ევროს შეღავათიან სესხს) გამოუყოფს. სხვა პროექტებთან ერთად აღნიშნული თანხები  მოხმარდება პროფესიული განათლების სფეროს, ყაზბეგში, იმერეთსა და აჭარაში კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობას, ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოებას და ასევე  ენერგოეფექტიანობის ღონისძიებებს. გამოყოფილი იქნება ასევე გრანტი იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისათვის.

ქალბატონმა ელჩმა ხაზი გაუსვა გერმანიასა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს. „დღევანდელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების რაოდენობა რეკორდულია და ნათლად გამოხატავს ჩვენს ქვეყნებს შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას“, - აღნიშნა ქალბატონმა ფაიჩმა. აღნიშნული შეთანხმება ფართომასშტაბიანი დახმარების შესაძლებლობას იძლევა, რაც 2017 წლის აგვისტოში გამართული სამთავრობო კონსულტაციების დროს შეთანხმდა. ფინანსური თანამშრომლობის პროექტებს ქართველ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW). გაგრძელდება ასევე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ დაფინანსებული ის მიმდინარე რეგიონალური პროექტები, რომლებსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) მდგრადი ეკონომიკური განვითარების, გარემოს და ასევე დემოკრატიის, ადგილობრივი თვითმმართველობის და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის განვითარების სფეროებში ახორციელებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე