3 მაისს შესაძლოა მეტროს თანამშრომლები გაიფიცონ

საქართველო, თბილისი - 13:55 | 30.04.2018
ნანახია: 754

3 მაისს, დილიდან შესაძლოა, თბილისის მეტროპოლიტენმა მუშაობა შეწყვიტოს, - ამის შესახებ მეტროპოლიტენის ალტერნატიული პროფკავშირების „ერთობა 2013“-ის წევრებმა მეტროსადგურ „რუსთაველთან“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. 

როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, თუ მათი მოთხოვნა ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდება, ისინი ხუთშაბათს, გაფიცვას დაიწყებენ, რაც მეტროპილიტენის პარალიზებას გამოიწვევს. 

„სამი დღით ადრე ვაანონსებთ იმ დღეს, როცა მეტრო შეწყვეტს ფუნქციონირებას, მეტროპოლიტენი მთლიანად იქნება პარალიზებული“, - განაცხადა „ერთობა 2013“-ის წევრმა არჩილ ლაბაძემ.

დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა2013“-ის ინფორმაციით, გაფიცვას თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებული 240-ვე მემანქანე აპირებს. მათი მოთხოვნა ხელფასის 44%-ით, ანუ საათობრივი ანაზღაურების 7-დან 10 ლარამდე გაზრდაა.

ცნობისთვის, 16 აპრილს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მემანქანეებისთვის ხელფასების გაზრდა არ იგეგმება, რადგან მათ საკმარისი ხელფასი აქვთ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე