ეკლესიის შეფასება თითქმის 80 პროცენტიდან 56 პროცენტამდეა დაცემული - ლორა თორნტონი

საქართველო, თბილისი - 13:15 | 30.04.2018
ნანახია: 1793

ეროვნული დონის ინსტიტუტებს შორის ყველაზე დადებითად იუსტიციის სახლებს, ჯარსა და ეკლესიას აფასებენ, თუმცა 2015 წლის შემდეგ ეკლესიის შეფასება თითქმის 80 პროცენტიდან 56 პროცენტამდეა დაცემული, - ამის შესახებ NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა თორნტონმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოქალაქეები ყველაზე ცუდად სასამართლოებსა და პარლამენტის საქმიანობას აფასებენ.

„მოსახლეობის აზრით, ქვეყანაში კორუფციის პრობლემაა. 44 პროცენტის აზრით, კორუფციის პრობლემაა ცენტრალურ ხელისუფლებაში, 35 პროცენტის აზრით – ადგილობრივ ხელისუფლებაში, 29 პროცენტის აზრით კი – სახელმწიფო ინსტიტუტებში (როგორიცაა საჯარო რეესტრი, სახელწიფო საავადმყოფოები, სკოლები და სხვა). მოქალაქეების 63 პროცენტის შეფასებით, 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ საქართველოში კრიმინალის დონე გაზრდილია. მოსახლეობა ხელისუფლების საქმიანობის შეფასებაში გაყოფილია და კვლავაც პოლიტიკურად გადაუწყვეტელია, რაც მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული უკეთესი პოლიტიკის აუცილებლობაზე მიუთითებს“,- განაცხადა თორნტონმა.

NDI-ის საქართველოს ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა საქართველოს მასშტაბით, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა, 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში. კვლევის ფარგლებში 2,194 პირისპირი ინტერვიუ ჩატარდა 2,194 რესპოდენტთან.

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. გამოკითხვას „CRRC-საქართველო“ ატარებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე