გაერო მხარს უჭერს საქართველოში თამბაქოს კონტროლის კანონის სრულად ამოქმედებას

საქართველო, თბილისი - 11:47 | 30.04.2018
ნანახია: 718

გაეროს სააგენტოთა ჯგუფი მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ ერთი წლის წინ მიღებული ამ მნიშვნელოვანი რეგულაციის დანერგვას. პროცესში ჩართული ყველა მხარე დაინტერესებულია მოხდეს კანონის დანერგვა, რათა ქვეყნის დღევანდელი და მომავალი თაობები დაცულ იყვნენ თამბაქოს მოხმარების კატასტროფული შედეგებისაგან.

სამწუხაროდ, საქართველო ჯერ კიდევ იმ ქვეყნების რიგს განეკუთვნება, სადაც თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი ძალიან მაღალია. თამბაქოს მოხმარება იწვევს თამბაქოზე დამოკიდებულებას  და დიდ ზიანს აყენებს როგორც მწეველებს, ასევე მათი ოჯახის წევრებსა და სრულიად საზოგადოებას. საქართველოში მწეველი მამაკაცთა 57%, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მიუხედავად იმისა, რომ ქალებს შორის მწეველების ოფიციალური მაჩვენებელი ჯერ კიდევ შედარებით დაბალია (დაახლოებით 10%), ბოლო წლების განმავლობაში მწეველი ქალების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა საქართველოში. ყოველი მეოთხე სკოლის მოსწავლე მოიხმარს თამბაქოს რომელიმე პროდუქტს. მოსახლეობის 40%-ზე მეტი, მათ შორის ბავშვები და ორსულები, თამბაქოს კვამლის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება.

ბავშვებს აქვთ აბსოლუტური უფლება დაცული იყვნენ თამბაქოს კვამლის ზემოქმედებისაგან, მათ შორის ზრდასრული ადამიანების მწეველობის გავლენისაგან, რამაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ბავშვის ჯანმრთელობაზე დაბადებამდეც კი. ბავშვის უფლებათა კონვენცია ხაზს უსვამს ბავშვის უფლებას იცხოვროს „ჯანმრთელობის უმაღლესი მიღწევადი სტანდარტით“ და მოიცავს მხარეების კონკრეტულ ვალდებულებებს, რომელთაგან ბევრი შეესაბამება თამბაქოს გავლენისაგან ბავშვთა დაცვას.

საქართველოში ათასობით მწეველი და აგრეთვე  მწეველთა გარემოცვაში მყოფი ადამიანი, იტანჯება უამრავი დაავადებით, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, ფილტვების დაავადებებით და კიბოთი. თამბაქოს ხანგრძლივი დროით მწეველთა ნახევარი თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებით იღუპება. საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 11.000 ადამიანი იღუპება თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებების გამო, და მათ შორის 2.000-ზე მეტი არამწეველია. ეს საგანგაშო მაჩვენებლები ნათლად მიუთითებს თამბაქოს კონტროლის სფეროში მძლავრი და გადაუდებელი ქმედებების აუცილებლობაზე.

აღნიშნული კანონმდებლობის დანერგვა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ათასობით საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენის და ეკონომიკის ზრდის თვალსაზრისით. თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობას დიდი მხარდაჭერა აქვს საქართველოს მოსახლეობაში, კერძოდ საზოგადოებრივ ადგილებში მოწევის აკრძალვას 79%-ზე მეტი, ხოლო რეკლამის აკრძალვას 90%-ზე მეტი უჭერს მხარს. 

ჯანმოს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ 2017 წელს გამოთვლილ იქნა თამბაქოთი გამოწვეული ეკონომიკური ტვირთი და თამბაქოს საწინააღმდეგო ღონისძიებების შედეგები საქართველოში. ქვეყანა ყოვეწლიურად მინიმუმ 824 მლნ ლარის ზარალს იღებს თამბაქოს მოხმარების გამო, რაც მშპ-ს 2.43%-ია. ეს თანხები მოიცავს:

  • თამბაქოსთან დაკავშირებული პირდაპირი ჯანდაცვითი დანახარჯები - 327.3 მლნ ლარი
  • სიკვდილობით, უნარშეზუდულობით და პროდუქტიულობის შემცირებით გამოწვეული ხარჯები - 497,5% მლნ ლარი.

ამავე კვლევით, საქართველოში თამბაქოს საწინააღმდეგო 4 ძირითადი ღონისძების გატარება (მოწევის აკრძალვა საზოგადოებრივ ადგილებში, თამბაქოს რეკლამის აკრძალვა, თამბაქოს შეფუთვა ეფექტური გამაფრთხილებელი დიზაინით და გადასახადების მატება ამ ნაწარმზე), უახლოეს 15 წელიწადში ქვეყანას 3.6 მლრდ ლარს დაუზოგავს და 53.000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.

თამბაქოს ინდუსტრია ყველა ეტაპზე ცდილობს ჩაერიოს თამბაქოს კონტროლის შესახებ ზომების შემოღებისა და დანერვის პროცესში. ეს ხდებოდა მრავალ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც. ეს თავიდან უნდა იქნეს აცილებული ქვეყნის და საერთაშორისო პარტნიორების გამჭვირვალე მუშაობით და მჭიდრო თანამშრომლობით.

გაერო საქართველოში კვლავაც ადასტურებს, რომ მტკიცედ განაგრძობს  სახელმწიფო სტრუქტურების მხარდაჭერას საქართველოში თამბაქოს კონტროლის გაძლიერებისათვის, რომლის საბოლოო მიზანია ქვეყნის მოსახლეობას მისცეს შესაძლებლობა მიაღწიოს ჯანმრთელობის უმაღლეს შესაძლებელ სტანდარტს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე