ივანიშვილმა პროკურატურას დაავალა, რომ რაიმე ფორმით მოხდეს ჩემი განეიტრალება - მურთაზ ზოდელავა

საქართველო, თბილისი - 14:44 | 27.04.2018
ნანახია: 963

„ვფიქრობ, რომ კონკრეტულმა კლანებმა, რომელიც მე სამეგრელოში შევაწუხე, იჩივლეს ივანიშვილთან და ივანიშვილმა პროკურატურას დაავალა, რომ რაიმე ფორმით მოხდეს ჩემი განეიტრალება, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, რომ ეს იქონიებს საპირისპირო შედეგს", - განაცხადა პროკურატურასთან ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ.

ის ქვეყნის მთავარ საგამოძიებო უწყებაში ,,იმედის’’ საქმეზე დაიბარეს, სადაც ზოდელავა ადვოკატთან ერთად გამოცხადდა.  

„მე და ძალადობა, მე და დანაშაული ვართ სხვადასხვა სამყარო. ეს იცის ყველამ ვინც მე მიცნობს, მათ შორის ამ შენობაში მსხდომმა ადამიანებმაც“, - ასე გამოეხმაურა ყოფილი პროკურორი საგამოძიებო უწყებაში მისვლას.

ზოდელავა პროკურატურაში დაბარებას სამეგრელოში მის გააქტიურებას და ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს.  

„ეს ყველაფერი უკავშირდება სამეგრელოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას: ბიძინა ივანიშვილმა სამეგრელო სამთავროებად თუ სათავადოებად კონკრეტულ კლანებს გადასცა. მაგალითად, შონიას, შენგელიას, იზორიას, ბესელიას კლანს; ის,რომ სამეგრელოში "ქართული ოცნების" რაოდენობა უტოლდება საჯარო მოხელეების რაოდენობას და მათი ოჯახის წევრებიც არ არიან მათი მომხრეები; ის, რომ ამ ორიოდე დღის წინ თანამდებობიდან გაათავისუფლეს თითქმის ყველა რაიონის "ქართული ოცნების" თავმჯდომარე. ის, რომ სამიოდე კვირის წინ, სამეგრელოს რეგიონში გაათავისუფლეს თანამდებობიდან პოლიციის თითქმის ყველა უფროსი და სამხარეო პოლიციის უფროსი, ეს ყველაფერი ამას უკავშირდება. ჩვენ გავაქტიურდით სამეგრელოში და კონკრეტულ კორუფციულ თემებზე ვსაუბრობთ.

 ვსაუბრობთ სოციალურ თემატიკაზე და იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის ხეებს ემსახურება ყველა მუნიციპალიტეტი სამეგრელოში. სამეგრელოში მუნიციპალიტეტები არ არსებობს და ე.წ. მუნიციპალიტეტები არის „ქართული ოცნების“ შტაბები და დაკავებულები არიან ივანიშვილის ხეების თრევით და ამის მომსახურებით. ის, რომ ეს პროცესები იწვევს იმ შედეგებს რაც ახლა არის სამეგრელოში. ამის შედეგად ხდება, როგორც ჩანს, პროკურატურის აქტივაცია. მე ვფიქრობ, რომ ამ კონკრეტულმა კლანებმა, რომელიც მე სამეგრელოში შევაწუხე, იჩივლეს ივანიშვილთან და ივანიშვილმა პროკურატურას დაავალა, რომ რაიმე ფორმით მოხდეს ჩემი განეიტრალება, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, რომ ეს იქონიებს საპირისპირო შედეგს", - განაცხადა ზოდელავამ.

ცნობისთვის, „იმედის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მთავარმა პროკურატურამ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ორი დღის წინ, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ერეკლე კოდუა მისცა.

2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებულები არიან: ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი და გიგი უგულავა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე