საქართველოში ნარკოდანაშაულისთვის ირანის 6 მოქალაქე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 12:32 | 25.04.2018
ნანახია: 793

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ნარკოდანაშაულისთვის ირანის 6 მოქალაქე დააკავა.

როგორც ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 647,34 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ირანის 3 მოქალაქე დააკავეს. პოლიციამ დაკავებულების ფეხსაცმელების ძირებში დამალული 6 შეკვრად დაფასოებული 1 კილო და 120 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.

პოლიციელებმა, თბილისსა და ბათუმში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის ირანის კიდევ 3 მოქალაქე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 647,34 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ გადამალული 290 გრამი ჰეროინი. მათ მიერ ჩადენილი დანაშაულიც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - განაცხადა ჭელიძემ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე