მსოფლიო ბანკმა საქართველოში კორპორაციული ანგარიშგების სისტემის „სიჯანსაღის“ შესახებ განახლებული შეფასება მოამზადა

საქართველო, თბილისი - 15:10 | 24.09.2015
ნანახია: 2330

ფინანსური ანგარიშგების რეფორმის (CFRR) მსოფლიო ბანკის ცენტრმა საქართველოში კორპორაციული ანგარიშგების სისტემის „სიჯანსაღის“ შესახებ განახლებული შეფასება მოამზადა.

როგორც მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სანიმუშო ფინანსური ანგარიშგება ხელსაყრელ პირობებს ქმნის ინვესტირებისთვის, ავითარებს კაპიტალის ბაზრებს, დახმარებას უწევს კომპანიებს კრედიტთან წვდომაში და აუმჯობესებს გადასახადების ამოღებას. აუდიტის, ხარისხის უზრუნველყოფის და ზედამხედველობის ძლიერი სისტემები ხელს უწყობს ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას და ეკონომიკური შოკების თავიდან აცილებას. 2007 წელს ფინანსური ანგარიშგების რეფორმის ცენტრმა (CFRR) განახორციელა საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის გარემოს საწყისი შეფასება, რომელმაც გამოავლინა გარკვეული ნაკლოვანებები და შეუსაბამობები. შეფასებაში წარმოდგენილი იყო რეკომენდაციები და რჩევები ქვეყნის სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად. განახლებული ანგარიში კი აფასებს 2007 წლის შემდეგ მიღწეულ პროგრესს.

ღონისძიების მონაწილეები მოწონებით შეხვდნენ ანგარიშის შედეგებს ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის პროფესიაში აღნიშნული მიღწევების შესახებ, ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს მიღებას და ყველა დაინტერესებული მხარის თვალსაჩინო სურვილს განხორციელდეს საქართველოს სტრატეგიული გეგმა ადგილობრივი ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად და ევროკავშირთან ჰარმონიზაციის მიმართულებით მუშაობის გასაგრძელებლად. აღინიშნა მუშაობის გაგრძელების აუცილებლობაც.

მიზნობრივ და აქტიურ დისკუსიაში მონაწილეებმა შეაფასეს სამომავლო სტრატეგია და პრიორიტეტები, ახალი კანონმდებლობის სრული ამოქმედების,ნაკლოვანებების და შეუსაბამობების აღმოფხვრის აუცილებლობა. ხაზი გაესვა სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული საწარმოების მართვის გაუმჯობესების მნიშვნელობას.ასევე, ზუსტი და დროული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საჭიროებას მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად და მონიტორინგის განსახორციელებლად. აღინიშნა ისიც, რომ უფრო მეტის გაკეთება შეიძლება მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (SMEs). მიღწეულ იქნა თანხმობა ფინანსური ანგარიშგების არსებული მოთხოვნების გამარტივების და მცირე ბიზნესისთვის სანიმუშო აღრიცხვის სარგებლის განმარტების საჭიროების შესახებ. ეს შესაძლებელს გახდის წვდომას სესხებთან და ინვესტიციებთან საწარმოს ფულადი ნაკადების საფუძველზე, და გირაოს შემცირების ხარჯზე.

„საქართველოს მთავრობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად მიიჩნევს აუდიტისა და ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების სფეროს სრულყოფას. აღნიშნულ რეფორმაზე მომუშავე უწყებათაშორისმა სამუშაო ჯგუფმა უკვე მოამზადა კონცეფცია, რომლის მიზანიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაა. ჩვენ ვაფასებთ იმ მხარდაჭერას, რომელსაც ამ რეფორმის განხორციელების გზაზე საქართველოს უწევს მსოფლიო ბანკის ფინანსური ანგარიშგების რეფორმის ცენტრი (CFRR), რომელთა მიერაც მომზადდა სპეციალური ანგარიში და რეკომენდაციები. იმედი გვაქვს, დღევანდელ სემინარზე გამართული ღია დისკუსია, სამომავლო გეგმებზე მსჯელობა დარგის სპეციალისტებს, მთავრობისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს დაეხმარებათ ერთიანი მიდგომების ჩამოყალიბებაში, რაც საბოლოოდ აისახება საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში“, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა.  

“მსოფლიო ბანკის ხედვა მიმართულია უკიდურესი სიღარიბის შემცირებისა და საყოველთაო კეთილდღეობის ზრდისკენ. ეფექტიანი ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი ემსახურება ამ ორი მიზნის მიღწევას. მსოფლიო ბანკის მართვის გლობალური პრაქტიკის გუნდი ძალისხმევას არ იშურებს იმგვარი ეკონომიკის შესაქმნელად, რომლის ცენტრშიც მოქალაქეები არიან. ჩვენი, როგორც ბუღალტრების და აუდიტორების როლი მნიშვნელოვანია სანდო ინფორმაციის მომზადებაში და მოქალაქეთა უფლების უზრუნველყოფაში მიიღონ ზუსტი, საიმედო და დროული ინფორმაცია. გასულ წელს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ფინანსური ანგარიშგების პროცესში ჩართული ყველა მხარე უნდა იყენებდეს ამ უნიკალურ შესაძლებლობას და ქმნიდეს იმგვარ სიტუაციას ქვეყანაში, სადაც გამჭვირვალობა ეხმარება ადგილობრივ ბიზნესს გასცდეს ქვეყნის საზღვრებს. ასევე, ხელს უწყობს უცხოელ ინვესტორებს ქვეყანაში დამკვიდრებასა და ადგილობრივ სამეწარმეო გარემოში ჩართვაში“, აღნიშნა მსოფლიო ბანკის მართვის გლობალური ქსელის დირექტორმა სამია მსადეკმა.

 ფინანსური ანგარიშგების რეფორმის (CFRR) მსოფლიო ბანკის ცენტრის მიერ მომზადებული ანგარიშები - სტანდარტების და კოდექსების შესრულების შესახებ ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის სფეროში (A&A ROSC) - აფასებს და აანალიზებს ეროვნული ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის სტანდარტებს საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებით; განსაზღვრავს შესაბამისობას ეროვნულ სტანდარტებთან და აფასებს ფინანსური ანგარიშგების მხარდამჭერ ინსტიტუციურ ბაზას. ისინი შექმნილია სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში ქვეყნის დასახმარებლად, კორპორაციული ფინანსური ანგარიშგების რეჟიმის გაძლიერების მიზნით ინსტიტუციური შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

მსოფლიო ბანკი მხარს უჭერს საქართველოს ფინანსური ანგარიშგების რეფორმას აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში აუდიტის და ანგარიშგების გაძლიერების პროგრამის (STAREP) რეგიონული პროგრამის ფარგლებში. პროგრამა, რომელიც 2013 წელს დაიწყო და 2018 წლამდე გაგრძელდება, მოიცავს ქვეყნის შიდა რეგიონული და მიზნობრივი ღონისძიებების მთელ რიგს, რომლებიც ფოკუსირებულია ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში განათლების სისტემის გაძლიერებაზე, კორპორაციული ფინანსური ანგარიშგებისთვის ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესებაზე, ევროკავშირის შესაბამისი სტანდარტების მიღების ხელშეწყობაზე, მჭიდრო საერთაშორისო კავშირების დამყარებაზე და სანიმუშო პრაქტიკის გაზიარებაზე ძირითად ინსტიტუტებს შორის.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე