ქაშვეთის ეკლესიაში ლეილა აბაშიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 13:09 | 12.04.2018
ნანახია: 748

ქაშვეთის ეკლესიაში მსახიობ ლეილა აბაშიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. აბაშიძეს ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ.

ლელა აბაშიძეს დღეს საბურთალოს პანთეონში, მისივე ანდერძის თანახმად, დედის გვერდით დაკრძალავენ.

ცნობისთვის, ლეილა აბაშიძე 8 აპრილს გარდაიცვალა. ის ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საავადმყოფოში იყო მოთავსებული.
ლეილა მიხეილის ასული აბაშიძე 1929 წლის 1-ელ აგვისტოს დაიბადა. ქართველი კინომსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი 1940 წლიდან მუშაობს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. 1941 წელს ითამაშა კატოს როლი კონსტანტინე პიპინაშვილის ფილმში „ქაჯანა“. 1951 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1966 წელს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის სიკო დოლიძის ფილმში „შეხვედრა წარსულთან“ ლენინგრადის საკავშირო კინოფესტივალის პირველი პრემია მიიღო. კონსტანტინე პიპინაშვილთან ერთად დაწერა სცენარი „მოლოდინი“ რომელიც შოთა და ნოდარ მანაგაძეებთან ერთად გადაიღო. შექმნა მრავალი კომედიური და დრამატული სახე. არის მხატვრული ფილმების „მოლოდინი“ (1970), „კოშკები სდუმან“ (1978) სცენარის ავტორი, მხატვრული ფილმის „თბილისი, პარიზი, თბილისი“ სცენარის ავტორი და რეჟისორი. კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრია 1958 წლიდან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე