ქუთაისის ოპერის თეატრი ვერდის „რიგოლეტოს“ წარმოადგენს

საქართველო, თბილისი - 13:34 | 10.04.2018
ნანახია: 1412

13 აპრილს 18 საათზე ქუთაისის მელიტონ ბალაჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი ჯუზეპე ვერდის შედევრის - ოპერა „რიგოლეტოს“ წარმოდგენაზე მიიწვევს მსმენელს. ქუთაისის ოპერის თეატრის რეპერტუარს ეს ნაწარმოები შარშან 27 დეკემბერს შეემატა. “რიგოლეტოს” აღნიშნულ დადგმაზე იმუშავა სადადგმო-შემოქმედებითმა ჯგუფმა მრავალგზის ნაცადი რევაზ ჯავახიშვილისა (დამდგმელი დირიჟორი) და მაია გაჩეჩილაძის (დამდგმელი რეჟისორი), თეატრის ახალი მთავარი მხატვრის - თეო კუხიანიძისა და ვახტანგ უშვერიძის (დამდგმელი ქორეოგრაფი) შემადგენლობით.

სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ: ევროპის საოპერო თეატრებში წარმატებით მოღვაწე ბარიტონი გოჩა აბულაძე (რიგოლეტო),  თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი მარიკა მაჩიტიძე (ჯილდა), იტალიაში მოღვაწე ბანი აკაკი იოსელიანი (სპარაფუჩილე), ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები ბადრი ადამია (მანტუას ჰერცოგი), ნინო ზაქაიძე (მადალენა), ინგა ფუტკარაძე (ჯოვანა), ბაკურ კვირიკაშვილი (გრაფი მონტერონე), ემილ ჩარგაზია (მარულო), იაგო ბუხრიკიძე (ბორსა), გიორგი ხაჭაპურიძე (გრაფი ჩეპრანო), ფერიდე ჯინჯიხაძე (გრაფინია ჩეპრანო), მარიეტა მაჩალაძე (პაჟი),ბელა მაჭავარიანი (მასხარა),  რომელთაც პარტნიორობას გაუწევს თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი - ნათია გოგუაძე), ორკესტრი, ქორეოგრაფიული დასი.

„რიგოლეტოს“ დადგმა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე