"სახელმწიფო ხალხისთვის" თავმჯდომარეს ნიკა მაჭუტაძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

საქართველო, თბილისი - 12:39 | 06.04.2018
ნანახია: 1249

ახალგაზრდა ქალი პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა როგორც სასამართლოს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საჩივრით მიმართა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დავის განხილვა უკვე დაიწყო. საქმე აღძრდა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. უწყება საჩივრის საფუძველზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით აწარმოებს, რაც „პირადი, ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებას, შენახვას, ან გავრცელებას“ გულისხმობს.

ქალი, რომელიც თავს დაზარალებულად მიიჩნევს, ნიკა მაჭუტაძისგან დამცავი ორდერის გამოწერას ითხოვს.

ნიკა მაჭუტაძის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში პირველი პროცესი გუშინ გაიმართა, თუმცა იმის გამო, რომ ერთ-ერთი მოწმე გუშინ სხდომაზე ვერ გამოცხადდა, ის გადაიდო.

როგორც სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ნიკა მაჭუტაძემ „პრაიმტაიმის“ განუცხადა, მას წარმოდგენა არ აქვს, რას ითხოვს ახალგაზრდა ქალი. მისივე თქმით, მათ „ბრწყინვალე და ჰარმონიული ურთიერთობები ჰქონდათ“.

ცნობისთვის, ნიკა მაჭუტაძე აქტიურ პოლიტიკაში პაატა ბურჭულაძის პარტიის სახელით გამოჩნდა. მას შემდეგ, რაც ბურჭულაძემ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, პარტიის ფორმალური ხელმძღვანელი მაჭუტაძე გახდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე