საბერძნეთს არავისი ეშინია - ციპრასი თურქეთს ბერძენი ჯარისკაცების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

საქართველო, თბილისი - 15:01 | 03.04.2018
ნანახია: 889

 საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა თურქეთს მოუწოდა შეწყვიტოს დაძაბულობის ესკალაცია და გაათავისუფლოს ორი ბერძენი სამხედრო, რომლებსაც პატრულირების დროს საზღვარი  შეგნებულად არ დაურღვევიათ.
„თურქეთმა უნდა შეწყვიტოს თავდასხმები და გამოიჩინოს კეთილი ნება, რათა დაჩქარდეს ორი სამხედროს დაბრუნება, რომლებიც ედირნეს ციხეში იმყოფებიან. ჩვენი აღმოსავლელი მეზობლები აღრმავებენ თავიანთ პროვოკაციას  და ძაბავენ სიტუაციას ყველა ფრონტზე“, - განაცხადა ციპრასმა.

მისი თქმით, უნდა შეწყდეს ურთიერთბრალდებები და დაძაბულობის ესკალაციის რიტორიკა.
„საბერძნეთი არავის ემუქრება და ამავე დროს არავისი ეშინია. საბერძნეთი ძლიერი და უსაფრთხო ქვეყანაა ძლიერი მოკავშირეებით, ამიტომ აღელევბის მიზეზები არ არსებობს“, - დასძინა პრემიერმა.

ბერძნული მხარის ინფორმაციით, სამხედრო პატრული 1 მარტს  უამინდობის გამო თურქეთის ტერიტორიაზე შეცდომით გადავიდა. სამხედროები თურქულმა მხარემ დააკავა.

საბერძნეთის ხელიეუფლება იმედოვნებდა, რომ 24 საათის განმავლობაში თურქეთი დაკავებულებს გაათავისუფლებდა, თუმცა თურქეთში ბერძენი ჯარისკაცები სამხედრო ტერიტორიაზე უკანონოდ შეჭრაში დაადანაშაულეს. მათ სავარაუდოდ ბრალს ჯაშუშობაში წაუყენებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე