კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საერთაშორისო კინოფესტივალის ჩატარებას აპროტესტებს

საქართველო, თბილისი - 21:33 | 02.04.2018
ნანახია: 942

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ე.წ. საერთაშორისო კინოფესტივალის ჩატარებას აპროტესებს. "ღონისძიების ჩატარება წარმოადგენს მცდელობას, მოხდეს საქართველოს განუყოფელი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის წარმოჩენა და საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაცია", - აღნიშნულია კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში. ეროვნულმა კინოცენტრმა ამავე განცხადებით მიმართა მსოფლიოს კინემატოგრაფისტებს, რომ არ დაარღვიონ საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონი.

"ამ კონტექსტში, აუცილებელია, ხაზი გაესვას კულტურის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების დაუშვებლობას. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ შემდეგ გარემოებებზე: აფხაზეთის რეგიონი უკანონოდაა ოკუპირებული [რუსეთის ფედერაციის მიერ], საიდანაც გამოდევნილია ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი", - ნათქვამია განცხადებაში.
 
დღეს, 2018 წლის 2 აპრილს, ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში სოხუმის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ე.წ. საერთაშორისო კინოფესტივალი იხსნება. როგორც ფესტივალის ვებგვერდზეა მითითებული, კინოფესტივალს ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკა მასპინძლობს, ღონისძიებაზე კი რამდენიმე ფილმი ევროპის ქვეყნებიდანაც იქნება ნაჩვენები.
 
 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე