დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე გასამართლებული ასლან ბეჟანიძე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 21:12 | 02.04.2018
ნანახია: 925

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, ძებნის სამმართველოსა და და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საუბნო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ, განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი 1986 წელს დაბადებული ასლან ბეჟანიძე თბილისში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ცნობისთვის, აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილის , დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე ასლან ბეჟანიძე რამდენიმე დღის წინ უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ასლან ბეჟანიძე ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ იყო გამართლებული, უზენაესმა სასამართლომ კი მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, ბეჟანიძე საპატიმროში ექვს წელს გაატარებს.

მოსამართლეთა კოლეგიაში, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეც, შედიოდა.

ცნობისთვის, 2004 წლის 27 ოქტომბერს თბილისში აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის 18 წლის შვილიშვილი, დავით ოთხმეზური მოკლეს. აღნიშნულ საქმეზე პროკურატურა 11 წლის განმავლობაში დუმდა. 2015 წლის მარტში კი, პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გაააქტიურა. სასამართლოს განჩინების საფუძველზე ასლან ბეჟანიძე დააკავეს. სახელმწიფო ბრალდება ირწმუნებოდა, რომ მკვლელობის დღეს, დავით ოთხმეზურსა და ასლან ბეჟანიძეს შორის კონფლიქტი მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით წარმოიშვა, რა დროსაც, ბეჟანიძემ ოთხმეზურს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 2016 წლის 22 დეკემბერს, საქალაქო სასამართლომ ასლან ბეჟანიძე უდანაშაულოდ ცნო და პატიმრობიდან გაათავისუფლა. ბეჟანიძე უდანაშაულოდ თბილისის სააპელაციო სასამართლომაც სცნო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე