გიორგი გიორგანაშვილს (ბახალა) ახალი ბრალდებით 15-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება

საქართველო, თბილისი - 14:58 | 02.04.2018
ნანახია: 1032

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს, იგივე „ბახალას“ დღეს გლდანის #8 დაწესებულებაში ბრალი წარუდგინეს. მას ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 262-ე მუხლით მე-4 ნაწილით წარედგინა.

გიორგანაშვილის ადვოკატის, გიორგი მხარაძის განცხადებით, აღნიშნული ბრალი მათთვის სასაცილო და მიუღებელია.

„ბრალი ღიმილისმომგვრელია, მითითებული მტკიცებულებები საქმეში აქამდეც იყო ცნობილი. ახალი და განსაკუთრებული მნიშვნელობის არცერთი არ არის. ვიცით, რომ ჯაბა ხულორდავას ორგანიზებული მუხლით ბრალის წაყენებას არ უპირებენ, რაც მიუთითებს შერჩევით მართლმსაჯულებაზე.

თუ ვთანამშრომლობთ, ბრალსაც არ უყენებენ. ეს ჩვენთვის მიუღებელია. ბრალის ფორმულირება არის სასაცილო, ცხადია არ დავეთანხმეთ. გიორგანაშვილი უნდობლობას უცხადებს გამოძიებას, ეს ის ქვედანაყოფია შინაგან საქმეთა სამინისტროსი, რომელმაც მას ჩაუდო 45 აბი ნარკოტიკული საშუალება, რის გამოც ის სასჯელს იხდის და ამაზე სააპელაციოც დაიწყებს განხილვას“,- აცხადებს მახარაძე.

როგორც ის განმარტავს, სსკ-ის 262-ე მუხლი გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას, ჩადენილს ორგანიზებული ჯგუფის მიერ. აღნიშნული მუხლი 15-დან 20-წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნული საქმის ფარგლებში, ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ბრალდებით 30 მარტს ირაკლი ქორიძე დააკავეს. თუმცა, ის წაყენებულ ბრალს არ აღიარებს.

ცნობისთვის, შსს-მ გასულ წელს თურქეთიდან რეანიმობილით უკანონოდ შემოტანილი დაახლოებით 900 აბი ნარკოტიკული საშუალების საქმის ორგანიზატორი დააკავა. აღნიშნულ საქმეში გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) ფიგურირებდა. შსს-ს ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების შემოტანას ორგანიზებას შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ ხელმძღვანელის შვილი ირაკლი ქორიძე უკეთებდა და ნარკოტიკული საშუალებების საზღვარზე გადმოტანისთვის რეანომობილებს იყენებდა.

რაც შეეხება „ბახალამს“, მან სააპელაციოში თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესჯა. პროცესი 10 აპრილს, 15:00 საათზეა ჩანიშნული.

დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღნიშნული განაჩენი ვერ დაასაბუთა. 

გიორგი გიორგანაშვილი  გასული წლის 25 იანვარს დააკავეს. სასამართლომ ის 14 ივლისს 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

23 იანვარს კი, ის პირდაპირ სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს, მოსამართლემ გიორგანაშვილს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, „ბუპრენორფინის“ შემცველი 45 აბის და 4 აბის ნატეხის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავებოდა.

 წყარო: http://ghn.ge

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე