საქართველოში სიკვდილის შემთხვევების დაახლოებით 22% თამბაქოს უკავშირდება

საქართველო, თბილისი - 21:26 | 28.03.2018
ნანახია: 917

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიცაზიის მონაცემებით, მსოფლიოში სიკვდილის შემთხვევების დაახლოებით 10% თამბაქოს უკავშირდება. საქართველოში კი ეს მაჩვენებელი 22%-ს აღწევს.

დღეისათვის თამბაქოს გლობალური ეპიდემია ყოველწლიურად, დაახლოებით, 7 მილიონ ადამიანს კლავს, მათ შორის, 6 მილიონი მწეველია, ხოლო  1 მილიონი  - არამწეველი.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2030 წლისთვის თამბაქოთი გამოწვეული სიკვდილის შემთხვევების წლიური რაოდენობა 8 მილიონს მიაღწევს მსოფლიოში; ყოველ 4 წამში დაიღუპება 1 ადამიანი.

2017 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი თაობის თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი (კანონები: თამბაქოს კონტროლის შესახებ, რეკლამის შესახებ, მაუწყებლობის შესახებ, ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი), რითიც საქართველო ხდება რეგიონში მოწინავე ქვეყანა თამბაქოს ეპიდემიასთან და მისი მოხმარებით გამოწვეულ ავადობასა და სიკვდილიანობასთან ბრძოლის კუთხით.

ძირითადი ცვლილებები ეხება თამბაქოს მწარმოებელთა ინტერესების გამორიცხვას და თამბაქოს მწარმოებელთა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების/პირების ურთიერთობის გამჭვირვალობას ჯანდაცვის სფეროში გადაწყვეტილების მომზადების, მიღების და დამკვიდრების პროცესში; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების თამბაქოს კვამლისგან განთავისუფლებასა და თამბაქოს ნაწარმის ყველა სახის რეკლამის, პოპულარიზაციისა და სპონსორობის აკრძალვას 2018 წლის 1 მაისიდან; თამბაქოს ნაწარმისა და მისი აქსესუარების განთავსების აკრძალვას მაღაზიების გარე ვიტრინებსა და ფანჯრებზე 2018 წლის 1 სექტემბრიდან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე