ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა პარლამენტს მოუწოდებს, უმოკლეს ვადებში განიხილოს და მხარი დაუჭიროს რეფორმის პროექტს

საქართველო, თბილისი - 11:13 | 27.03.2018
ნანახია: 710

ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა პარლამენტს მოუწოდებს, უმოკლეს ვადებში განიხილოს და მხარი დაუჭიროს რეფორმის პროექტს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაში წერია, გრძელდება უსამართლო და რეპრესიული კანონმდებლობის მოქმედება და მისი მსხვერპლი ყოველდღიურად არიან ადამიანები, რომლებიც საზოგადოებისათვის არ წარმოადგენენ საფრთხეს და მათი ერთადერთი დანაშაული არის ფსიქოაქტიური ნივთიერების ფლობა პირადი მოხმარებისათვის. 

"საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა სოლიდარობას უცხადებს გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ შეკრებილ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს და მათთან ერთად მოითხოვს პარლამენტისგან ქვეყანაში მოქმედი რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას!

გრძელდება უსამართლო და რეპრესიული კანონმდებლობის მოქმედება და მისი მსხვერპლი ყოველდღიურად არიან ადამიანები, რომლებიც საზოგადოებისათვის არ წარმოადგენენ საფრთხეს და მათი ერთადერთი დანაშაული არის ფსიქოაქტიური ნივთიერების ფლობა პირადი მოხმარებისათვის. 

ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის მიერ შემუშავებული კანონპროექტის განხილვა გაუმართლებლად გაჭიანურდა. ამის მიზეზად სახელდება კანონპროექტის ოპონენტთა მხრიდან გამოთქმული მოსაზრებები ცვლილებებთან დაკავშირებული პოტენციური რისკების თაობაზე. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კანონპროექტის საწინააღმდეგო არცერთი “არგუმენტი” არ არის დასაბუთებული. ყველა ეს მოსაზრება, ეფუძნება მხოლოდ კონკრეტული ადამიანების პირად, ვიწრო და მიკერძოებულ შეხედულებას, სტერეოტიპებს ან ცვლილებების იდეოლოგიურ მიუღებლობას. ამის საპირისპიროდ, კანონპროექტი და მისი მოსალოდნელი შედეგები ემყარება საუკეთესო ცოდნას და განვითარებული ქვეყნების მოწინავე გამოცდილებას.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს უმოკლეს ვადებში განიხილოს და მხარი დაუჭიროს რეფორმის პროექტს და ამით ბოლო დაუსვას უსამართლო, ირაციონალურ და ადამიანების ჩაგვრაზე მიმართულ პოლიტიკას!", - ნათქვამია ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის განცხადებაში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე