მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 16:15 | 24.03.2018
ნანახია: 913

ამ წუთებში, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს.

არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვის ცერემონიას რიგითი მოქალაქეები, პოლიტიკოსები და ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები ესწრებიან. ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით კრძალავენ.

ტატუნაშვილის ცხედარი წეროვანში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან გამოასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან მიმდინარეობდა.

ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს ყოფილმა-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, მინისტრებმა, პარლამენტის წევრებმა, თბილისის მერმა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა. 

ცნობისთვის, არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს. მეორე დღეს ის ოკუპირებულ ცხინვალში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას თითქმის ერთი თვის განმავლობაში აჭიანურებდა.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს.

არჩილ ტატუნაშვილის საქმეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 143-ე მუხლებით იძიებს, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე