ერდოღანის შეურაცხყოფისთვის თურქ მომღერალს პატიმრობა მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 16:34 | 23.03.2018
ნანახია: 1069

სასამართლომ თურქ მომღერალს ზუჰალ ოლჯაის პრეზიდენტ ტაიპ ერდოღანის შეურაცხყოფისთვის პატიმრობა მიუსაჯა. ერთ-ერთ სიმღერაში მომღერალმა ერდოღანის სახელი ახსენა.

2016 წლის აგვისტოში ოლჯაიმ სტამბოლში კონცერტი გამართა. მან სიმღერის ტექსტი შეცვალა და სცენიდან განაცხადა, რომ ერდოღანის სიტყვები სიცრუეა. დადგება დრო და პრეზიდენტი დაასრულებს მმართველობას და ადამიანები მას გაიხსენებენ, როგორც ცუდ სიზმარს. ოლჯაის თქმით, სიმღერაში ფარული მოტივი არ ყოფილა.

მომღერალმა სცენიდან ერთ-ერთ მაყურებელს შეურაცხმყოფელი ჟესტი აჩვენა, როდესაც მან გოგონას შენიშვნა მისცა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ეს ჟესტი ერდოღანის მისამართით იყო გაკეთებული.

ოლჯაი 2010 წელსაც იყო დაკავებული სახელმწიფო მოხელის შეურაცხყოფისთვის.

თურქეთში ერდოღანის შეურაცხყოფისთვის 2014 წლის შემდეგ 2 ათასი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე