ზვიად დევდარიანს სიდა-ს დირექტორის უფლებამოსილება შეუწყდა

საქართველო, თბილისი - 11:30 | 23.03.2018
ნანახია: 842

2018 წლის 22 მარტს გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია სიდას გამგეობის სხდომა, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, გამგეობის წევრებმა აღმასრულებელი დირექტორის შეცვლის საკითხიც განიხილეს. გამგეობამ ერთხმად დააკმაყოფილა ზვიად დევდარიანის განცხადება უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ CiDA-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

სიდას გამგეობა გმობს სექსუალურ და ნებისმიერი სხვა სახის შევიწროვებასა და ძალადობას და შეშფოთებულია შექმნილი ვითარებით. 

"გამგეობის წევრები სრულად აცნობიერებენ, რომ ძალადობისა და სექსუალური შევიწროვების შესაძლო ფაქტები, რაც უკავშირდება სიდას ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, ჩრდილს აყენებს არა მხოლოდ ორგანიზაციას, არამედ მთლიანად სამოქალაქო სექტორს. 

გამგეობის წევრებმა, ორგანიზაციის წინაშე არსებული გამოწვევებიდან და საზოგადოებაში არსებული კითხვებიდან გამომდინარე, სიდას სამომავლო განვითარების სწორი მიმართულებით წარმართვის საჭიროების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად მიიჩნევს ორგანიზაციის ახალი აღმასრულებელი დირექტორის შესარჩევად ღია კონკურსის ჩატარებას, რომელშიც გამგეობის წევრებთან ერთად, მხარდამჭერი და პარტნიორი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.

გამგეობის წევრების განცხადებით, სიდა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, გამოცდილი და ეფექტიანი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც აქტიურია მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის, საჯარო პოლიტიკის მონიტორინგის, კორპორაციული პასუხისმგებლობის თუ სხვა მიმართულებებით. მას ჰყავს პროფესიონალი და გამოცდილი პერსონალი. შესაბამისად, აუცილებელია ორგანიზაციის მიმდინარე პროექტების და მიმართულებების შენარჩუნება და ტრანზიციის პერიოდის უმტკივნეულოდ გავლა", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 17 მარტს „ტაბულამ“ 4 ქალის ისტორია გამოაქვეყნა, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაცია CIDA-ს დირექტორს და საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა საბჭოს კანდიდატად წარდგენილ ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.

ისტორიების გამოქვეყნებამდე დევდარიანი სექსუალურ ძალადობაში ქალთა მოძრაობამ დაადანაშაულა და სახალხო დამცველს პარლამენტიდან მისი კანდიდატურის გამოწვევა სთხოვა. 

დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა კონკურსს თავად გამოეთიშა, რასაც სახალხო დამცველი მიესალმა.

ზვიად დევდარიანის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას დაიწყებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე