რუსთავში მასწავლებელი მოსწავლეებს რელიგიური ნიშნით კაბის ჩაცმას სთხოვს

საქართველო, თბილისი - 16:47 | 21.03.2018
ნანახია: 1308

რუსთავის ჟიული შარტავას სახელობის მე-4 სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი, ამავე სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებს გაკვეთილების დაწყების წინ და დამთავრების შემდეგ ლოცვას აიძულებს, კლასში ყოველ დღე საკმეველის კვამლისგან ბავშვებს თვალები ეწვით, - ამის შესახებ ინფორმაცია „ჯი-ეიჩ-ენს“ ამავე სკოლის მოსწავლის მშობელმა მიაწოდა, რომელმაც ანონიმად დარჩენა გადაწყვიტა.

როგორც მშობელმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, მასწავლებელი გოგონებს კაბების ჩაცმაც მოსთხოვა და უთხრა, რომ ეკლესიურად, შარვლის ტარება ცოდვაა.

"რუსთავის ჟიული შარტავას სახელობის მე-4 სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი ლ.ღ. მე-4 კლასის მოსწავლეებს ყოველ დღე, გაკვეთილების დაწყების წინ და დამთავრების შემდეგ ლოცვას აიძულებს, კლასში ყოველ დღე საკმეველის კვამლისგან ბავშვებს თვალები ეწვით. ეს ყველაფერი არ არის, ახლა მკაცრად მოსთხოვა გოგონებს კაბების ჩაცმა, რადგან, მისივე თქმით, ეკლესიურად შარვლის ჩაცმა გოგონასთვის ცოდვაა. სამწუხაროა, რომ მშობლები ამას ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამენ და საერთო პროტესტი ამ სიბნელის მიმართ არ გააჩნიათ. ამავე მასწავლებელმა, ქართულის გაკვეთილზე, სადაც ისტორიულ მოვლენებს განიხილავდნენ, მოსწავლეებს უთხრა, რომ რუსეთი ჯობია ამერიკას და ევროპას. არ შეიძლება ასეთ მოაზროვნეებს დღეს ჰქონდეთ საშუალება, იყვნენ პედაგოგები", - გვითხრა მშობელმა.

„ჯი-ეიჩ-ენი“ ფაქტის გადასამოწმებლად ამავე სკოლის წარმომადგენელს, ნათია წიკლაურს დაუკავშირდა, რომელმაც ინფორმაციას სიცრუე უწოდა. მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მსგავსი საჩივრით ლ.ღ.-ს წინააღმდეგ არავის მიუმართავს.

მისივე თქმით, გოგონებს შარვლები თავისუფლად აცვიათ.

"წლების განმავლობაში ეს პედაგოგი ჩვენი მასწავლებელია, მაგრამ მსგავსი საჩივრით არასოდეს, არც ერთ მშობელს არ მოუმართავს, სხვა შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად გვექნებოდა რეაგირება, ჩვენ ამაში გავერკვეოდით. პრობლემა არ დაფიქსირებულა არასდროს. მის მოსწავლეებს შარვლები თავისუფლად აცვიათ. კლასში რომ შეხვიდეთ, არაერთ გოგონას ნახავთ, რომელსაც აცვია შარვალი. ჩვენ მე-4 კლასებში რელიგიის სწავლება არ გვაქვს. მაშინაც კი, როდესაც  ბავშვებს რელიგია უტარდებათ, ის ბავშვი, ვისაც სურვილი არ აქვს, კლასში რჩება ხოლმე, მაგრამ მე-4 კლასელი არ სწავლობს რელიგიას", - გვითხრა ნათია წიკლაურმა, რომელმაც ლოცვის დაძალების ფაქტიც კატეგორიულად უარყო.

„ჯი-ეიჩ-ენი“ თავად მასწავლებელსაც დაუკავშირდა, ვისი მისამართითაც მშობელს პრეტენზია აქვს. მისი თქმით, ფორმაზე ნამდვილად გააფრთხილა მოსწავლეები, მხოლოდ იმიტომ რომ სკოლას აქვს ასეთი მოთოხვნა. გოგონებისთვის შარვლის აკრძალვის ფაქტი კი, მან კატეგორიულად უარყო.

"გუშინ ბავშვები მართლაც გავაფრთხილე [ფორმაზე] იმიტომ რომ რამდენიმე დღეა თითო ბავშვი მოდიოდა უფორმოდ და ჩვენს სკოლაში ითხოვენ ფორმას. თეთრი ზედა უნდა ეცვას და ქვემოთ შავი. მე, რა თქმა უნდა, ბავშვებს ვუთხარი ეს რომ შენიშვნას ნუ მოაცემინებთ დირექციას ამის გამო და ჩაიცვით ფორმა. ყოველდღე ხდება ეს ჩემი შეხსენება ფორმის ტარების შესახებ, იმიტომ რომ მიყვარს, როცა სკოლაში ბავშვს ფორმა აცვია. მე რა უფლება მაქვს რომ მოსწავლეს ვუთხრა, გინდა თუ არა შენ მოდი კაბით", - განაცხადა მასწავლებელმა.

მან ჩვენთან საუბარში გაკვეთილების დაწყების წინ და დასრულების შემდეგ ლოცვის ფაქტი დაადასტურა, ოღონდ აქვე ხაზი გაუსვა, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მოსწავლეების სურვილით ხდება და არა დაძალებით. 

"ეგეც [ლოცვა] მაგათი სურვილია. მე ვუთხარი კლასში ბავშვებს, თუკი პრობლემა გექნებათ, მე არავის დაგაძალებთ, არც ვაძალებ, რა სისულელეა. არის ხოლმე, ხან წავიკითხავთ ლოცვებს, ხან არა", - აღნიშნა მასწავლებელმა.

რაც შეეხება მოსწავლეებისთვის იმის თქმას, რომ ამერიკა-ევროპას რუსეთი ჯობია, მასწავლებელი ამბობს, რომ მსგავსი რამ არ უთქვამს. მისივე თქმით, მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ბავშვებმა საქართველო უცხოელებისთვის არ უნდა დატოვონ.

"უბრალოდ, მე იმაზე მაქვს ხოლმე საუბარი, რომ ნუ დავტოვებთ საქართველოს უცხოელებისთვის. ამას თემა მოიტანს ხოლმე, რომ ქვეყანა არ უნდა დავტოვოთ და სამშობლო არ მივატოვოთ. უამრავი ტექსტია ჩვენთან, ისწავლება რამხელა ისტორიული წარსული გვაქვს და ჩვენ პარალელი უნდა გავავლოთ და თავიდანვე ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ სამშობლო არ მიატოვონ. განა არ უნდა წახვიდეთ და არ უნდა ისწავლოთ, ძალიან ბევრი ქვეყანა უნდა ნახოთ, მაგრამ რომ მიდიან და აღარ ბრუნდებიან, ეს არასწორია. ეს ყველაფერი პირდაპირ არის დამამცირებელი ჩემთვის, ეს არის ძალიან დიდი ცილისწამება, დათრგუნული ვარ", - დასძინა რუსთავის მე-4 სკოლის მასწავლებელმა, რომელმაც აქვე გვითხრა, რომ კლასში ყველა მოსწავლე მართლმადიდებელი ქრისტიანია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე