ბოდიშს გიხდით იმ ადამიანებს, ვისაც ბოლო დღეებშიც ვუმტკიცებდი მექალთანეა, მაგრამ მოძალადე არაა-მეთქი - კახა მაღრაძე ზვიად დევდარიანზე

საქართველო, თბილისი - 13:21 | 20.03.2018
ნანახია: 987

ბოდიშს გიხდით ყველას, ვისაც გაგაცანით, როგორც ჩემი მეგობარი და როგორც კარგი ადამიანი, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია CIDA-ს გამგეობის წევრი კახა მაღრაძე სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ ზვიად დევდარიანთან დაკავშირებით Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

"არ მეგონა თუ აქ სერიოზული პოსტის დაწერა მომიწევდა, მაგრამ ყველაფერი ხდება თურმე. შევეცდები ამის შემდეგ ისევ ვიხალისო და ვილაზღანდარო, მაგრამ ამის თქმა მნიშვნელოვანი და აუცილებელია!

ვიღაცეებმა დაწერეს, რომ "ჯეპრა" ზვიად დევდარიანის ანტიკრიზისულ ჯგუფს მართავდა და კამპანიას აკეთებდა და ამასაც მინდა გამოვეხმაურო. "ჯეპრა" არაფერ შუაში იყო, მე ვედექი მას გვერდით ბოლომდე და ვცდილობდი, რომ მისი კარიერის დასასრული ნაკლებად დამანგრეველი ყოფილიყო მისთვის და ოჯახისთვის. მეგონა რომ კარგ საქმეს ვაკეთებდი, მაგრამ გუშინ, ალბათ ყველაზე ბოლოს, მეც გავიგე სიმართლე, რაც თან პირადად მე მეხებოდა...

ამიტომ, ბოდიშს გიხდით ყველას, ვისაც გაგაცანით, როგორც ჩემი მეგობარი და როგორც კარგი ადამიანი!

ბოდიშს გიხდით ყველას, ვისაც არ გისმენდით ამდენი წელი და გეუბნებოდით, არ მიაქციოთ ყურადღება, მასეთი ტიპია-მეთქი!

ბოდიშს გიხდით ჟურნალისტებსა და იმ ადამიანებს, ვისაც ბოლო დღეებშიც ვუმტკიცებდი მექალთანეა, მაგრამ მოძალადე არაა-მეთქი!

ბოდიშს ვუხდი "სიდელებს", რომ თავის დროზე არ მივხედე ამ ამბავს. მაგრამ არა უშავს, ჩავატარებთ გამგეობის სხდომას და ყველაფერი დალაგდება!", - წერს მაღრაძე. 

ცნობისთვის, 17 მარტს „ტაბულამ“ 4 ქალის ისტორია გამოაქვეყნა, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაცია CIDA-ს დირექტორს და საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა საბჭოს კანდიდატად წარდგენილ ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.

ისტორიების გამოქვეყნებამდე დევდარიანი სექსუალურ ძალადობაში ქალთა მოძრაობამ დაადანაშაულა და სახალხო დამცველს პარლამენტიდან მისი კანდიდატურის გამოწვევა სთხოვა. 

დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა კონკურსს თავად გამოეთიშა, რასაც სახალხო დამცველი მიესალმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე