დავით გარეჯი ევროპა ნოსტრას საფრთხეში მყოფი ძეგლების ფინალურ სიაში მოხვდა

საქართველო, თბილისი - 20:06 | 15.03.2018
ნანახია: 814

დავით გარეჯის კომპლექსი ევროპა ნოსტრას "განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის" ფინალისტებს შორის მოხვდა. პროგრამის ფინალისტები კულტურული მემკვიდრეობის წამყვანმა ევროპულმა ორგანიზაცია ევროპა ნოსტრამ და ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტმა დაასახელა. დავით გარეჯთან ერთად, 7 ფინალისტს შორის მოხვდნენ:

  1. პოსტ-ბიზანტიური პერიოდის ტაძარი ვოსკოპოია და ვითკუქში (ალბანეთი);
  2. ვენის ისტორიული ცენტრი (ავსტრია);
  3. ბოზლუჟას მონუმენტი (ბულგარეთი);
  4. კონსტანტანს კაზინო (რუმინეთი);
  5. პრინკიპოს ბერძნული ბავშვთა სახლი, პრინცების კუნძულები (თურქეთი);
  6. გრიმსბის ყინულის ქარხანა (გაერთიანებული სამეფო).

„განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამა“ მიზნად ისახავს მოახდინოს ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე ძალთა მობილიზაცია, განსაკუთრებული მნიშვნელობის ძეგლებზე სარეაბილიტაციო ქმედებების დასაჩქარებლად. ევროპა ნოსტრა უზრუნველყოფს შერჩეული 7 ძეგლისთვის, ადგილზე, ვიზიტის საფუძველზე, დეტალური საექსპერტო რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას. ნომინაცია, ასევე იძლევა უნიკალურ საშუალებას ევროპისა და საერთაშორისო მასშტაბით ფონდების მოძიებისათვის, როგორც კერძო, ასევე, საჯარო დაფინანსების წყაროების გამოყენებით.

საბოლოო, განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის ფინალური ნუსხის გამოქვეყნებამდე,   ევროპა ნოსტრას ექსპერტთა ჯგუფმა 16 იანვარს, 12 ძეგლის წინასწარი ნუსხა  გამოაქვეყნა, სადაც დავით გარეჯთთან ერთად, ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზებიც მოხვდა. ნუსხა, ევროპა ნოსტრას ექსპერტთა ჯგუფმა, ამ ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების გამორჩეული კულტურული ღირებულებისა და მათ წინაშე მდგარი საფრთხის საფუძველზე შეადგინა. მნიშვნელოვან კრიტერიუმად იყო მიჩნეული მათ გადარჩენაში ადგილობრივი თემების, საჯარო და კერძო დაინტერესებული მხარეების ჩართულობა, ასევე, აღნიშნული ძეგლების პოტენციალი - იქცნენ მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კატალიზატორად.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე