თამარ ბაგრატია გადადგომის მიზეზებზე საუბრობს

საქართველო, თბილისი - 13:22 | 15.03.2018
ნანახია: 1378

თამარ ბაგრატიას გადადგომის მიზეზი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ნინო თანდილაშვილის მხრიდან სააგენტოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე (გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე) კონკრეტული პირის დანიშვის უპირობოდ და გადაუდებლად დანიშვნის მოთხოვნა იყო - ამის შესახებ თამარ ბაგრატია, რომელმაც გუშინ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის თანამდებობა დატოვა, Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

ბაგრატიას თქმით, როგორც მან, ასეთივე უპირობო დირექტივას თავი აარიდა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ და ასევე დაწერა განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე ჯერ არ ვაპირებდი რაიმე ტიპის დამატებით განცხადების გაკეთებას, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და მედიის თხოვნის გათვალისწინებით, ჩემი თანამდებობიდან წასვლის შესახებ მსურს უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდო საზოგადეობას.

გუშინ, 14 მარტს, პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვე გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის თანამდებობა. მიზეზი კი რეორგანიზაციის პროცესში გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ნინო თანდილაშვილის მხრიდან სააგენტოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე (გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე) კონკრეტული პირის დანიშვის უპირობო და გადაუდებლად დანიშვნის მოთხოვნა იყო. მე ვერ გავიზიარე ასეთი დირექტივა, მითუმეტეს ასევე ვთვლი რომ მსგავს თანამდებობებზე პირები კონკურსის წესით უნდა იქნენ შერჩეულნი და შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად იძულებული გავხდი დამეწერა განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ. ასევე, ასეთივე უპირობო დირექტივას თავი აარიდა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ და ასევე დაწერა განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ.

როგორც მედიიდან ჩემთვის გახდა ცნობილი, მინისტრის მოადგილე მსგავსი ფაქტის არსებობას უარყოფს, თუმცა არსებობს სატელეფონო მიმოწერა ამ თემასთან დაკავშირებით, სადაც ცალსახადაა დაფიქსირებული მოთხოვნა კონკრეტული პიროვნების შესახებ და ჩემი უარყოფითი მოსაზრება საკითხთან დაკავშირებით.

აქვე მინდა განვაცხადო, რომ ქვეყანაში გარემოს დაცვის კუთხით არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევების გამკლავებისათვის (იქნება ეს ინსტიტუციური მოწყობის პროცესი თუ სხვა ტიპის სტრატეგიული სისტემური ხედვა) სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და აუცილებელია დარგის სპეციალისტებისა და მაღალპროფესიული კადრების ჩართულობა და გარემოსდაცვითი ინსტიტუციების გაძლიერება", - წერს გაბრატია.

ცნობისთვის, თამარ ბაგრატიამ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის თანამდებობა გუშინ დატოვა. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე