სრული ილუზიაა, რომ რუსეთის შემოთავაზებებიდან შეიძლება რაიმე კარგი გამოვიდეს - კაპანაძე

საქართველო, თბილისი - 14:07 | 14.03.2018
ნანახია: 1428

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არანაირ სივრცეს არ ტოვებს და მგონია, რომ სრული ილუზიაა იმაზე ფიქრი, რომ რაიმე კარგი შეიძლება გამოვიდეს იმ შემოთავაზებიდან, რომელმაც რუსეთის მხრიდან გაიჟღერა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისი თქმით, ვითარება, რომელიც შეიქმნა პრემიერ-მინისტრის ძალიან ცუდი მიმართვის შემდეგ, არ არის ჯანსაღი და აზიანებს ქვეყანას.

"იმ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ დღეს ვართ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ჩანდეს, როგორც ძლიერი აქტორი და არა სუსტი. ის განცხადება, რომელიც გაკეთდა ქვეყანას ასუსტებს და ქმნის იმის ილუზიას, თუ პიდაპირ კურსს არ ცვლის, რომ ჩვენ ახლა გადავდივართ რუსეთის მოთხოვნების შერულებაზე მათ შორის პირდაპირი დიალოგი ცხინვალთან და სოხუმთან, ასევე ჟენევის ფორმატის შეცვლა. ეს ჩვენს ინტერესებში არ არის და კარგი იქნება დამსახურებული შენიშვნებისთვის ოპოზიციის კრიტიკის ნაცვლად, პირიქით ქვეყანას მიხედონ და მისი ინტრრესების დაცვაზე იყვნენ გადართული. ჟენევის ფორმატის შეცვლა, საბოლოო ჯამში იქნება რუსეთის, როგორც მედიატორის სტატუსის გაჩენა და რუსეთის, როგორც კონფლიქტის მხარის დაკარგვა. იგივე შეგვიძლია ვთქვათ სოხუმის და ცხინვალის სტატუსის გაზრდაზე. თუ ეს არ იგულისხმებოდა პრემიერის განცხადებაში კარგი იქნებოდა, რომ უკეთ განემარტა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არანაირ სივრცეს არ ტოვებს და მგონია, რომ სრული ილუზიაა იმაზე ფიქრი, რომ რაიმე კარგი შეიძლება გამოვიდეს იმ შემოთავაზებიდან, რომელმაც რუსეთის მხრიდან გაიჟღერა", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი რუსეთისადმი გაგზავნილ მიმართვაზე გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა. კვირიკაშვილის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისათვის.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე