კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზა ნადიკვრის მეორე შესახვევიდან დაიწყება და სოფელ შინდისში ჯავახიშვილის ქუჩას შეუერთდება

საქართველო, თბილისი - 14:07 | 24.11.2015
ნანახია: 1769

კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი 5-კილომეტრიანი გზა, ნადიკვრის მეორე შესახვევიდან დაიწყება და სოფელ შინდისში ჯავახიშვილის ქუჩას შეუერთდება. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ხეების მოჭრა პროექტ "პანორამა თბილისს" უკავშირდება სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დღეს დედაქალაქის მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეების მოჭრას უკავშირდება. 

„კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზა ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია ქალაქისათვის, რომელიც სატრანსპორტო ნაკადებისგან განტვირთავს დედაქალაქის ისტორიულ უბანს და ისეთ ცენტრალურ ქუჩებს, როგორიცაა: ლეონიძის, ლორთქიფანიძის, მაჩაბლის, ასათიანის, ამაღლების, იაშვილის ქუჩები და მათი მიმდებარე ტერიტორია.

სწრაფი ურბანიზაციის ფონზე, მაშინ, როდესაც ქალაქსა და მის შემოგარენში მოსახლეობის რიცხვი პერმანენტულად მატულობს, ბუნებრივია, დგება ალტერნატიული გზების გაჩენის საკითხი, რათა ცენტრალურ ქუჩებზე  განიტვირთოს მოძრაობა და თავიდან იქნეს აცილებული  საავტომობილო კოლაფსი. მოგეხსენებათ, რომ დედაქალაქი აღნიშნული საფრთხის წინაშე 13 ივნისის სტიქიის შემდეგაც დადგა და შექმნილი მდგომარეობის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი, სწორედ, გადაადგილების ალტერნატიული გზების არ არსებობა იყო. ამასთან, მოგეხსენებათ, რომ შინდისი და მიმდინარე დასახლებები, საკმაოდ ინტენსიურად ვითარდება. სწორედ, აღნიშნულიდან გამომდინარე დადგა კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის პროექტის  განხორციელების საჭიროება,  რაც, თავისთავად, გულისხმობს არსებული გზის გაფართოებასა და ბუნებრივია, დგება აღნიშნულ ტერიტორიაზე  ხეების მოჭრის საკითხი.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით დედაქალაქში არსებული მწვანე საფარის ნებისმიერი სახით დაზიანებას, აღნიშნულ ტერიტორიაზე კი  პროექტით 400-მდე ძირი ხის მოჭრაა გათვალისწინებული. სწორედ ამიტომ,  ხეების ნაწილს გადავრგავთ მიმდებარე ტერიტორიაზე, მოჭრილი ხეების სანაცვლოდ კი 2015 წლის საშემოდგომო რგვების ფარგლებში, დეკემბრის შუა რიცხვებამდე, დაირგვება 1000 ძირი 2 მეტრამდე სიმაღლის, 6 წლიანი ფიჭვის და 3 მეტრამდე სიმაღლის 4000 ძირი იფანის ნერგი, 3 წლიანი მოვლა-პატრონობის გარანტიით. 2016 წლის გაზაფხულზე როგორც მინიმუმ, 15 000 ახალი ხის დარგვა იგეგმება. ტერიტორიის გამწვანების ფარგლებში, დაირგვება როგორც ფიჭვის, ასევე სხვა ადგილობრივი სახეობების ნერგები, რაც ხელს შეუწყობს ტყის კორომის მდგრადობას.

რაც შეეხება პროექტის მიმდინარეობას, ამ ეტაპზე წარმოებს ბუნებრივი აირის გამტარი მილის გადატანის სამუშაოები,  2016 წლიდან კი, 5 კილომეტრიანი ახალი გზის მშენებლობა დაიწყება. დაგეგმილია არსებული გზის გაფართოება, მისი კაპიტალურად შეკეთება და, ამასთან, 7 მეტრი სიგანის ახალი გზის მშენებლობა.

ამასთან აღსანიშნავია, რომ კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი 5 კილომეტრიანი გზა დაიწყება ნადიკვრის მეორე შესახვევიდან და პირდაპირ უერთდება სოფელ შინდისში ჯავახიშვილის ქუჩას, შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ხეების მოჭრა პანორამა თბილისის პროექტს უკავშირდება, სიმართლეს არ შეესაბამება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე