გია მაისაშვილს დღეს დაკრძალავენ

საქართველო, თბილისი - 10:32 | 06.03.2018
ნანახია: 972

ქართველ ეკონომისტსა და პოლიტიკურ მოღვაწე გია მაისაშვილს დღეს კოსტა ხეთაგურის N7-ში მდებარე წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ.

ცნობისთვის, გია მაისაშვილი 56 წლის ასაკში, 26 თებერვალს აშშ-ში გარდაიცვალა. მისი ცხედარი საქართველოში გუშინ, 5 მარტს ჩამოასვენეს.

მაისაშვილს თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი 2015 წელს დაუსვეს. ის მძიმე სენს რამდენიმე წელი ებრძოდა.

გია მაისაშვილი 1962 წლის 24 ნოემბერს დაიბადა.

გიორგი მაისაშვილმა 1985 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1990 წელს თანამოაზრეებთან ერთად შექმნა ეკონომიკური კონცეფცია პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა მრგვალი მაგიდისათვის, რომლის განხორციელებაც ხელისუფლებამ ვერ მოასწრო. ამის შემდეგ, მაისაშვილი აშშ-ში გადასახლდა.

1993 წელს სტენფორდის უნივერსიტეტში (აშშ) გაიარა სპეციალური კურსი. 1997 წელს დაამთავრა ჯონ ფ. კენედის სახელობის ჰარვარდის სამთავრობო სკოლა.

მუშაობდა ენერგეტიკულ კომპანია ენრონში, სადაც კორპორაციის რისკის ანალიზის განყოფილებას ხელმძღვანელობდა 2001 წლამდე. ოყო კემბრიჯის ენერგეტიკული ასოციაციის (CERA) კასპიის აუზის ენერგეტიკული შემცველების დეპარატამენტის უფროსი. ხელმძღვანელობს საკონსულტაციო კომპანია „ჰერიკლე გრუპ“-ს.

2003 წელს გიორგი მაისაშვილი საქართველოში დაბრუნდა ვარდების რევოლუციის პერიოდში და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკური კონსულტანტი გახდა.

2004 წელს დააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის მთავრობა“.

2006 წელს გიორგი მაისაშვილმა საკუთარი ძალისხმევით ჩამოაყალიბა ლიდერთა სკოლა, რომლის მიზანიც არის „ახალი, განათლებული, ჭკვიანი და მამაცი ლიდერთა თაობის აღზრდა“.

2007 წლის 26 ივლისს გიორგი მაისაშვილმა დააფუძნა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მომავლის პარტია“, რომლის ძირითადი მიზანია საქართველოს სრული პოლიტიკური სტაბილურობა, ქვეყნის ერთიანობის უზრუნველყოფა, სოლიდარული საზოგადოების ჩამოყალიბება.

2008 წლის 5 იანვრის მონაწილეობა მიიღო საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე