საქართველოში ქალების 22%-ს და კაცების 31%-ს მიაჩნია, რომ ცოლის ცემა მისაღებია - კვლევა

საქართველო, თბილისი - 10:09 | 06.03.2018
ნანახია: 1691

ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევის მიხედვით, საქართველოში ქალებისა და კაცებისთვის ქალთა მიმართ ძალადობა დიდწილად კვლავაც მისაღებია.

როგორც კვლევა აჩვენებს, ქალების თითქმის ერთ მეოთხედს (22%) და კაცების ერთ მესამედს (31%) მიაჩნია, რომ ცოლის ცემა გარკვეულ გარემოებებში გამართლებულია. უფრო მეტიც: ქალების თითქმის ერთი მეოთხედი (23%) და კაცების თითქმის ნახევარი (42%) მიიჩნევს, რომ ცოლი ქმარს მაშინაც კი უნდა დაემორჩილოს, თუ ის მას არ ეთანხმება.

ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოში 7-დან 1 ქალს ოჯახში ძალადობა გამოუცდია, ქალების 9% სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვობაში გამხდარა, 5-დან 1 ქალი ამბობს, რომ სექსუალური შევიწროება გამოუცდია.

კვლევა გაეროს ქალთა ორგანზიაციამ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა და ევროკავშირმა ერთობლივად ჩაატარეს. კვლევის შედეგად, 2009 წლის შემდეგ ქალთა მიმართ ძალადობის გავრცელებისა და ამ პრობლემის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებების შესახებ ეროვნული მასშტაბის სარწმუნო მონაცემების მოპოვება პირველად მოხდა. ამას გარდა, კვლევამ საქართველოში სექსუალური შევიწროებისა და ადევნების გავრცელება პირველად შეისწავლა.

ეროვნული კვლევის პროცესი 2017 წელს მიმდინარეობდა და იგი რაოდენობრივ და ხარისხობრივ მეთოლოგიებს აერთიანებდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 15-64 წლის 6,006 ქალი და 15-64 წლის 1,601 კაცი გამოიკითხა. ხარისხობრივი კვლევა კი 47 შეხვედრას მოიცავდა. კვლევა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქსტატის ერთობლივი ძალისხმევითა და ევროკავშირის მხარდაჭერით პროექტის ფარგლებში „ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა“ ჩატარდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე