შსს-მ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კილო-ნახევრამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო

საქართველო, თბილისი - 15:52 | 02.03.2018
ნანახია: 918

„შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად განაგრძობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. პოლიციამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კილო-ნახევრამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში, ნარკოდანაშაულისთვის ირანის 3 მოქალაქე დააკავეს. ამოღებულია 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული  15-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის  და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით და  მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით. 

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში,  შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჯამში,  დაახლოებით, კილო-ნახევარი სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. კერძოდ: 1 კილო და 300 გრამი ჰეროინი, 150 აბი „ბუპრენორფინი", 17 გრამი „მეტამფეტამინი" და სხვ. ნარკოდანაშაულისთვის 12 პირია დაკავებული, მათ შორის, 1 ნარკორეალიზატორი. ბრალდებულთა შორის საქართველოს - 6, ირანის - 5 და ავსტრიის - 1 მოქალაქეა." - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ  შსს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე