57 წლის ასაკში ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 10:39 | 01.03.2018
ნანახია: 1274

მძიმე ავადმყოფობის შედეგად, 57 წლის ასაკში ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია განმეორებითი ინსულტის შედეგად გარდაიცვალა.

ზურაბ ვადაჭკორიას ეკუთვნის საქართველოში ქართული საილუზიო ხელოვნების დანერგვა. 

1991 წელს თბილისის რუსული მოზარდ მაყურებელთა თეატრის ბაზაზე შეიქმნა „მაგიური შოუ“, სადაც საათნახევრის მანძილზე მაყურებელი სანახაობის მონაწილეც იყო. იმავე წელს ზურაბი გაწევრიანდა „International Brotherhood of Magicians“-ში („მაგების საერთაშორისო საძმო“).

1997 წელს ზურაბმა სახელმწიფო ტელევიზიაში დასაბამი დაუდო ნახევარსაათიან პროგრამას „ფოკუს-მოკუსი ყველასათვის“.

ზურაბ ვადაჭკორიას ქართულ ენაზე დაბეჭდილი აქვს 4 წიგნი. მათში ავტორი არა მარტო ახალ ფოკუსებს სთავაზობდა მკითხველს, არამედ განმარტავდა ძველ ცნობილ ტრიუკებს.

საქართველოს პრეზიდენტის დადგენილებით 2000 წელს ზურაბი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

2001 წელს მაყურებლების წინაშე ზურაბმა ქუჩაში, ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში ხუთტონიანი საბარგო მანქანა გააქრო.

2003 წლის 26 მაისს მეტეხის ხიდზე შეასრულა ჰარი ჰუდინის სასიკვდილო ტრიუკი - მტკვარში ჩაშვებულ ლითონის სეიფში ჯაჭვებითა და ბორკილებით ხელფეხშეკრული ზურაბი 3 წუთში გათავისუფლდა.

2003 წლის ივნისში პირდაპირ ეთერში ტელეკომპანია "მზე"-ში გაკეთდა ცნობილი საილუზიო ნომერი "გაქცევა ჩინური წყლის საპყრობილედან" ათიათასობით თვითმხილველის თანდასწრებით.

2007 წელს ზურაბმა პირველად შეასრულა საავტორო ტრიუკი - გაქცევა ელექტრული კაფსულიდან. იმ წელსვე იყო გამოშვებული საფოსტო მარკა „ქართული ილუზიონისტური ხელოვნება“, ზურაბ ვადაჭკორიას სილუეტით. მარკები ნომრებით: „000 100“, „000 200“, „000 300“, ზურაბის სახელობითი ბეჭდით შეისყიდა უცნობმა ფილატელისტმა 10 ათას დოლარად. მარკა „001 961“ ინახება თავად ზურაბთან - ეს მისი დაბადების წელია. 2

2007 წლის მარტში ზურაბმა "1 სტერეო"-ს ორ ტელეწამყვან გოგოს შეასრულებინა დღისით პირდაპირ ეთერში „ქართლის დედის“ გაქრობის ფოკუსი. იმისათვის, რათა მომავალში ეს ფოკუსი არავის გაემეორებინა, ზურაბმა თავის წიგნ "ასოცდაერთი ფოკუსი" გაამხილა მისი საიდუმლო.

ზურაბ ვადაჭკორია კითხულობდა ლექციებს თეატრალურ და საესტრადო-საცირკო ინსტიტუტში, ამზადებდა ახალ ტრიუკებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე