არანაირი სარემონტო სამუშაოები არც ფასადზე და არც შენობაში არ მიმდინარეობდა - „სახელმწიფო ელექტროსისტემა“

საქართველო, თბილისი - 18:54 | 28.02.2018
ნანახია: 991

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაში წერია, შენობის მოსაპირკეთებელი სამუშაოები განხორციელდა 2008 წელს და ამჟამად, არანაირი სარემონტო სამუშაოები არც ფასადზე და არც შენობაში არ მიმდინარეობდა.

„დღეს, 28 თებერვალს, დაახლოებით დღის 15:30-ზე, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შენობის გარე ფასადიდან ჩამოვარდა მინის კონსტრუქციის ნაწილი, რის შედეგადაც დაშავდნენ მოზარდები, რომლებიც მომხდარისთანავე გადაიყვანეს საავადმყოფოში. სამწუხაროდ, ერთ-ერთი მათგანი, ასლან მამედოვი, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს და ახლობლებს. სიტყვები უძლურია ამ უდიდესი ტრაგედიის და ტკივილის გამოსახატად. ამ მძიმე წუთებში ვდგავართ ოჯახის გვერდით.

უსაფრთხოების მიზნით, შემთხვევის ადგილის პერიმეტრი შემოღობილია. შენობის მოსაპირკეთებელი სამუშაოები განხორციელდა 2008 წელს და ამჟამად, არანაირი სარემონტო სამუშაოები არც ფასადზე და არც შენობაში არ მიმდინარეობდა.

მიზეზების დასადგენად სამხარაულის ექსპერტიზა აწარმოებს მოკვლევას. მომხდარზე დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები. ვთანამშრომლობთ სამართალდამცავ სტრუქტურებთან და ველოდებით გამოძიების შედეგებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" შენობიდან შუშა ჩამოვარდა.

შუშა გამვლელებს დაეცა, მათ შორის 6 ბავშვს, რომლებიც ტერიტორიაზე მასწავლებელთან ერთად იმყოფებოდნენ. დაშავებულებიდან ერთ-ერთი მოზარდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე