ღამით გადამწვარი ქალაქი - განადგურებული ბაზრობა, ასობით დაზარალებული და შემაშფოთებელი სტატისტიკა

საქართველო, თბილისი - 10:29 | 27.02.2018
ნანახია: 2020

ბაზრობა ,,თერგის“ სახურავზე კვლავ ძლიერი დაკვამლიანებაა. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ტერიტორია ყვითელი ლენტითა და რკინის ჯებირებითაა შემოსაზღვრული. მოვაჭრეებს ამ ეტაპზე შენობაში შესვლის საშუალება არ ეძლევათ.

ხანძარი თბილისში, გუშინ გვიან ღამით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, „თერგის“ ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა. საგანგებო სიტუაციათა სამსახურში ხანძრის შესახებ შეტყობინება 00:15 საათზე შევიდა. 

უწყების ცნობით, ადგილზე 35-40 სახანძრო ჯგუფი მუშაობდა. ბოლო ინფორმაციით, დამწვარია 3 000 კვ.მ-მდე ტერიტორია.

მაღაზიის მეპატრონეები ეჭვობენ, რომ ხანძარი ბაზრობაზე მიზანმიმართულად გააჩინეს. მათი თქმით, შენობაში ელექტრო სისტემა ახალი გამოცვლილია, შესაბამისად გამორიცხავენ, რომ ხანძარი სადენების გაუმართაობის მიზეზით გაჩენილიყო.

მაღაზიების მეპატრონეთა უმეტესობა აცხადებს, რომ საქონელი დაზღვეული არ ჰქონდათ და ზარალი ათასობით ლარს აღწევს. 

„ეს არის ძალით გადამწვარი, ივანიშვილმა მთელი საქართველო ხომ იყიდა მაგ ფულის მონამ, კიდევ იყიდის ბევრს. ინტერესი ერთადერთი ივანიშვილს ჰქონდა. როგორც კარფური უნდა ააშენოს აქ ისე ჰქონდა ამის ინტერესი,“- აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე.

შემაშფოთებელი სტატისტიკა...

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს ქვეყანაში სულ 15 222 ხანძრის შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 39%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წელს საქართველოში დაფიქსირდა ხანძრის 10 951 შემთხვევა.

ამასთან, 16%-ით გაიზარდა ხანძრების შედეგად განადგურებული შენობა-ნაგებობების რაოდენობა. საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს ხანძრის შედეგად განადგურდა 543 შენობა, 2016 წელს კი - 468.

2017 წელს საქართველოში ხანძრების შედეგად 79 ადამიანი დაიღუპა, რაც 61,2%-ით მეტია 2016 წლის მონაცემებთან შედარებით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელს ხანძრების შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა. ხანძრის შედეგად ტრავმა 2016 წელს მიიღო 249 ადამიანმა, 2017 წელს - 244-მა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე