საქართველო ევროპას სჭირდება - გიორგი მარგველაშვილი

საქართველო, თბილისი - 18:23 | 23.02.2018
ნანახია: 987

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქართველები და საქართველო ევროპას სჭირდება და ყველამ უნდა იმუშაოს  იმაზე, რომ ვიზალიბერალიზაციის ვალდებულებები შესრულდეს.

,,ქართველები და საქართველო ევროპას სჭირდება, ევროპამ არაერთხელ გამოხატა ეს პოზიცია, იქნებოდა ეს საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის თუ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებით. ჩვენ ვსაუბრობთ, როგორ ვიმუშაოთ ერთად ვიზის რეჟიმის დარღვევის საკითხებთან მიმართებაში“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროები, ასევე, პოლიციის ატაშეები აქტიურად მუშაობენ ევროპის დედაქალაქებში

„შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროები, ასევე, განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი პოლიციის ატაშეების მუშაობას ევროპის დედაქალაქებში. ისინი ძალიან აქტიურად მუშაობენ ევროპის დედაქალაქებში იმისთვის, რომ ყველა რეგულაცია იყოს სწორად დაცული და საკითხი, რომელიც ეხება კონკრეტულ დარღვევებს, პოლიტიკურად პრობლემური არ გახდეს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტის თქმით, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ არსებობს ცალკეული სამართალდარღვევები და  არსებობს ძლიერი პროპაგანდა საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც ბევრ საკითხთან მიმართებაში მუშაობს ევროპაში.

„ამ პროპაგანდას აღიარებს თითონ დასავლეთიც და ამას ჰქვია რუსული პროპაგანდა. ყველანი უნდა ვიყოთ უაღრესად ფრთხილად, რომ რუსული პროპაგანდა კონკრეტული ცალკეული შემთხვევებისგან არ ქმნიდეს საქართველოს წინააღმდეგ რაღაც საქმეებს და ცალკე პროპაგანდისტულ ქეისებს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე