გურამ დონაძემ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილიდან კადრები გაავრცელა

საქართველო, თბილისი - 13:29 | 20.02.2018
ნანახია: 1263

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, გურამ დონაძემ დღეს ის მასალები გაასაჯაროვა, რომელიც, მისი მტკიცებით, ადასტურებს იმას, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილი არ გაყალბებულა.

„ეს არის გასროლის შემდგომი ვიდეოკადრი, ასევე უწყვეტი, სადაც დაჭრილი ამირან რობაქიძე ჯერ კიდევ სუნთქავს და საპატრულო პოლიცია იარაღს პოულობს და იღებენ, ხელით აქეთ-იქით დაატარებენ. უწყვეტ კადრში ჩანს ცრუ მოწმე, გოჩა მუკბანიანი, რომელიც დამატებით იძახებს სასწრაფოს და 022-ის ცენტრს ატყობინებს, რომ არიან დაჭრილები და დაკავებულია შეიარაღებული ჯგუფი.

ამავე ნაწილში, რაც დღემდე არ გვითქვამს, ჩანს ერთ-ერთი დაკავებულის მაჯაზე საათი და ზუსტი დრო, ეს დრო ექსპერტიზით დადასტურებულია და არის 02:20საათი, ასევე პროკურატურის მტკიცებულებით, სასწრაფო შემთხვევის ადგილზე მოდის 2:30 საათზე, ხოლო რაც აქამდე არ მითქვამს, გურამ დონაძე შემთხვევის ადგილზე ანძებით მიდის და ფიქსირდება 02:31 საათზე“, - აცხადებს გურამ დონაძე.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში საერთაშორისო ძებნაში მყოფმა ზაზა ბაქრაძემ განაცხადა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილი გაყალბებულია და რომ ამაში მონაწილეობა თავადაც მიიღო. ბაქრაძის თქმით, ერთ-ერთ დაკავებულს ხელყუმბარა მან ჩაუდო.    

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსნებს ედავებიან. აღნიშნულზე ბრალდებულია 5 პირი: გურამ დონაძე, ირაკლი ფირცხალავა, ზაზა ბაქრაძე, დავით იაშვილი და ზურა მიქაძე.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე