პირს, რომელმაც ყოფილ მეუღლეს თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც ქალმა თავი ჩამოიხრჩო, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუჯასეს

საქართველო, თბილისი - 12:29 | 19.02.2018
ნანახია: 1030

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის მიმართ თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული გ.კ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-115-ე მუხლით.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.კ.-მ 2017 წლის 18 თებერვალს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, თავისი ყოფილი მეუღლის ა.ლ.-ს მიმართ განახორციელა სასტიკი მოპყრობა, რა დროსაც თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა. აღნიშნულის შემდგომ ა.ლ.-მ სააბაზანო ოთახში ქამრის მსგავსი საგნის გამოყენებით თავი ჩამოიხრჩო.      

სამართალდამცველებმა გ.კ. 2017 წლის 13 მაისს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111-115-ე მუხლით (ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის თვითმკვლელობამდე მიყვანა სასტიკი მოპყრობით) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.კ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და  სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე