გიორგი კვირიკაშვილი მიუნხენში ჯეიმს მატისსა და იოჰანეს ჰანს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 11:33 | 16.02.2018
ნანახია: 796

მიუნხენში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივან ჯეიმს მატისსა და ევროკომისარსევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციაზე, რომელიც 16-18 თებერვალს გაიმართება, საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს.

„სამუშაო ვიზიტის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან ჯეიმს მატისთან, ევროკომისართან ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანთან და სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან. ასევე, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის წევრების ორმხრივი შეხვედრები.

პრემიერ-მინისტრი, მონაწილეობას მიიღებს სპეციალურად საქართველოსადმი მიძღვნილ ღონისძიებაში „ქართული პოლიტიკა და ლიტერატურა”, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თანაორგანიზებით იმართება.

მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი ასევე შეხვედრას გამართავს ბიზნესის წარმომადგენლებთან.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე არიან“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე