თანამედროვე ტენდენციები, რომლებიც თავს გვახვევს დესაკრალიზაციის იდეოლოგიას, დამღუპველია ჩვენი ერისთვის - მეუფე შიო

საქართველო, თბილისი - 14:56 | 12.02.2018
ნანახია: 941

,,თანამედროვე გამოწვევები, თუ როგორ შევინარჩუნოთ ჩვენი ცნობიერება ერისა, ჩვენი სულიერი ღირებულებები თანამედროვე ეპოქაში, გლობალიზაციის ეპოქაში და პოსტმოდერნისტულ ეპოქაში“, – ამის შესახებ პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიომ საერთაშორისო კონფერენციაზე  „რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება“ გამოსვლისას განაცხადა.

პატრიარქის თანამოსაყდრის თქმით, ერთ-ერთი მთავარი თეზისი დღევანდელ პოსტმოდერნისტულ ფილოსოფიაში, არის უარის თქმა იერარქიულობაზე, რამეთუ ეს ითვლება გარკვეულ დიქტატურად.

„ადამიანი საკუთარ გონებასაც რომ ემორჩილება, ესეც კი ითვლება გარკვეულ ვერტიკალურ ღირებულებად, რაც მიუღებელი უნდა იყოს და რაც თრგუნავს თავისუფლებას. აქამდეც კი მიდის გარკვეული თანამედროვე აზროვნების მიმართულება, რომელიც სამწუხაროდ, უფრო და უფრო მეტ ძალას იკრეფს. ასევე უმთავრესია სეკულარიზაციისა და დესაკრალიზაციის თემა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ყველა საზოგადოებრივ დარგში. დესაკრალიზაცია ითვლება აუცილებელ პირობად, მაგრამ რეალურად ჩვენი ერი თავისი აზროვნებით არის იდეალისტი ერი. ჩვენთვის ყოველთვის პირველადია იდეა“, – განაცხადა მეუფე შიომ.

მისი თქმით, ჩვენი სახელმწიფო და ერი ჩამოყალიბდა, როგორც ქრისტიანული ღირებულებების მატარებელი ერი და ის თანამემამულეები, რომლებიც არ არიან ქრისტიანები, მათი აზროვნებაც ტრადიციულ ღირებულებებს ეფუძნება.

„ეს არის სწორედ იდეალისტური ღირებულებები. ამიტომ თანამედროვე ტენდენციები, რომლებიც თავს გვახვევს დესაკრალიზაციის იდეოლოგიას, რა თქმა უნდა, დამღუპველია ჩვენი ერისთვის და დღევანდელი კონფერენციის მიზანია, ვიფიქროთ, თუ როგორ დავუპირისპირდეთ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ჩვენი ღირებულებების საფუძველზე. ყოფილიყოს საწინდარი ჩვენი ერის კიდევ წინსვლისა და გამარჯვებებისა“, – განაცხადა მეუფე შიომ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე