ანა დოლიძემ სარეაბილიტაციო ცენტრი მოინახულა

საქართველო, თბილისი - 15:03 | 20.11.2015
ნანახია: 1905

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ „კამილიელთა ფსიქო-ფიზიკური და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში“ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პირების ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვები მოინახულა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სარეაბილიტაციო ცენტრის შენობა დაათვალიერა და იმ მეთოდებს გაეცნო, რომლითაც ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვებს მკურნალობენ. ანა დოლიძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო საკუთარი თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე მუდმივად ზრუნავს და ეს პროექტიც ამის ერთი-ერთი ნათელი დადასტურებაა.

„კამილიელთა ფსიქო-ფიზიკური და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში“ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პირების ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების რეაბილიტაციის კურსი 2014 წლის გაზაფხულიდან დაიწყო. კურსი პაციენტთათვის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, ასევე, საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობას ითვალიწინებს. ამ მიზნით, პაციენტისთვის ინდივიდუალური მკურნალობის პროგრამა მზადდება. გარდა ამისა, მათთვის გახსნილია ცეკვის, სიმღერის, ფერწერის, ძერწვის, თიხის თერაპიის, ხატვისა და სხვა ჯგუფები, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები თანატოლებთან ერთად სწავლობენ.

ამ დრომდე კურსის სამი ეტაპი განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც რეაბილიტაცია 77-მა ბავშვმა გაიარა. ამჟამად, ცენტრში სარეაბილიტაციო კურსის მეოთხე ეტაპი ხორციელდება, რომელშიც 24 ბავშვი მონაწილეობს. სარეაბილიტაციო კურსისთვის 533 396 ლარი თავდაცვის სამინისტროს სოციალური, სამედიცინო და ფინანსური დახმარების თაობაზე შემოსული კორესპონდენციის განმხილვევლმა კომისიამ გამოყო.

„სამინისტრო ახორციელებს პროგრამას - „მხარი მხარს“. გვჯერა, რომ ჩვენ სოლიდარული საზოგადოება ვართ, ვზრუნავთ სამხედრო მოსამსახურეებზე და მათ ოჯახებზე. წელიწადში ორჯერ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების იმ ბავშვებისთვის, რომელთაც ცერებრალური დამბლის დიაგნოზი აქვთ, ვუზრუნველყოფთ ერთთვიან სარეაბილიტაციო კურსს. სამინისტროში მომუშავე ადამიანები არიან დაცულები. ისინი აკეთებენ სამშობლოსთვის ძალიან დიდ საქმეს, ჩვენ კი ვიცავთ მათ ჯანმრთელობას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ.

(ცერებრალური დამბლის მქონე ბავშვებისთვის სურათები მათი მშობლების თანხმობით არის გადაღებული)




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე