შუახევის სოფლებში, კლდისუბანში და ბესელაშვილებში, ახალი ხიდის მშენებლობა დასრულდა

საქართველო, თბილისი - 12:50 | 12.02.2018
ნანახია: 904

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე შუახევის მუნიციპალიტეტს ეწვია და სოფლებში კლდისუბანსა და ბესელაშვილებში თანამედროვე სტანდარტების ახალი ხიდის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა. რეგიონის ხელმძღვანელთან ერთად მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ.

მდინარე აჭარისწყალზე აშენებული ხიდი ორ სოფელს ცენტრალურ გზასთან დააკავშირებს. პროექტი აჭარის მთავრობის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და მიმდინარე სამუშაოებზე 390.000 ლარამდე დაიხარჯა. სამუშაოები კომპანია ,,სინათლე 2006“-მა განახორციელა. ხიდი, ამავდროულად, სამკურნალო წყლებთან (შუახევის აბანო) მისასვლელი ერთადერთი გზაცაა. პროექტის ფარგლებში, ცენტრალური საავტომობილო გზიდან ხიდამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციაც განხორციელდა.

ზურაბ პატარაძემ კლდისუბნისა და ბესელაშვილების მაცხოვრებლებს ახალი ხიდი მიულოცა. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მოსახლეობის თხოვნა გაითვალისწინეს და დღეს ორივე სოფელს ახალი ხიდი აქვს.

,,ხიდის არსებობა უმნიშვნელოვანესია კლდისუბნისა და ბესელაშვილების მოსახლეობისთვის, რომელთაც გაუმართავი ხიდის პრობლემა რამდენიმე ათეული წელია აწუხებთ. მათ ეს პრობლემა მოუგარდა და დღეიდან, გადაადგილება ახალი კაპიტალური ხიდის საშუალებით შეეძლებათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მთაში მოსახლეობისთვის უფრო მეტი სერვისის შექმნის, უფრო მეტი განვითარებისა და კეთილდღეობისთვის” - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ხიდის მშენებლობა 2017 წლის ოქტომბერში დაიწყო და მშენებლობაზე ადგილობრივი მოსახლეობა  იყო  დასაქმებული. ხიდის სიგრძე 60 მეტრი, ხოლო სიგანე 5,4 მ-ია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე