სექსისტური გადაწყვეტილების გამო, 1,600-ზე მეტი ქართველი ლევან ვასაძის მარსზე გაშვებას ითხოვს

საქართველო, თბილისი - 18:18 | 09.02.2018
ნანახია: 1060

იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელმა, რომელიც ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ დააფუძნა, 2017-2018 წლისთვის დააწესა სტიპენდია მე-8 კლასში გადამსვლელი ბიჭებისათვის. გოგონებს კი, სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობა არ აქვთ.

ფაქტის გახმაურების შემდეგ, ,,ქართველების" სახელით გავრცელდა პეტიცია, სადაც ხელმომწერები SpaceX-ის გიგანტური რაკეტის, Falcon Heavy-ს წარმატებით გაშვების შემდეგ, ილონ მასკს მიმართავენ და სთხოვენ, ბიზნესმენი ლევან ვასაძე მარსზე გაუშვას.

პეტიციის აღწერაში წერია, რომ ლევან ვასაძე სექსისტურ და ქსენოფობიურ მესიჯებს ავრცელებს და ის სავარაუდოდ, რუსეთიდან ფინანსდება.

,,ილონ, პირველ რიგში გილოცავთ ამ წარმატებულ მისიას! ეს შთამაგონებელი იყო ყველა ჩვენგანისთვის და მომავალშიც დიდ წარმატებას გისურვებთ.

ქართველებს გვყავს ერთი კაცი, ლევან ვასაძე, ვინც ბიზნესმენია და სექსისტურ და ქსენოფობიურ მესიჯებს ავრცელებს ჩვენს ქვეყანაში. ის სავარაუდოდ რუსეთიდან ფინანსდება და ყველა ჩვენგანის დიდი თავის ტკივილია.

დღეს მისმა სკოლამ გამოაცხადა სტიპენდია - მხოლოდ ბიჭებისთვის!!! ჩვენ მისნაირი ადამიანები გარშემო არ გვჭირდება, ასე რომ, გთხოვ დაგვეხმარე ამ ნაძირალის მარსზე გაგზავნაში.

მადლობა წინასწარ ქართველი ხალხი", - ნათქვამია პეტიციაში.

ამ დროისთვის, პეტიციას 1,674-ზე მეტი ხელმოწერა აქვს.

პეტიცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ცნობისთვის, საქართველოს სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით მიმართა შპს „იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელს,“ რომ სასტიპენდიო პროგრამის გამოცხადებისას დაიცვას თანასწორობის პრინციპი და შეიმუშაოს სპეციალური დებულება სტიპენდიის მიღების წესისა და მიმღებ პირთა განსაზღვრის კრიტერიუმების შესახებ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე