,,იავნანაზე" შეტევა ჩემ გამო ხდება - პაატა ბურჭულაძე

საქართველო, თბილისი - 17:28 | 09.02.2018
ნანახია: 790

,,ყველაფერმა საკმაოდ კორექტულად და კარგად ჩაიარა, კმაყოფილი ვარ, რომ ეს შეხვედრა საერთოდ შედგა", -ამის შესახებ მსოფლიო ბანმა და ფონდ "იავნანას" დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოდან წასვლისას განაცხადა. 

მისი შეფასებით, საქმე თითიდან გამოწოვილია და ზოგიერთ კითხვაზე პასუხის გაცემა ეუხერხულებოდა კიდეც.

,,აბსოლუტური აბსურდია, იმიტომ რომ ეგ შეკითხვა არც დასმულა, ყველამ იცოდა იქ, რომ ფონდი არამარტო თვითონ ირჩევდა სახლს, არამედ ოჯახის, სოციალური მუშაკის, გამგეობისა და ჩვენი ფონდის წარმომადგენლების თანხმობით. თავიდან ჩვენ, ფონდი ვუფორმებდით სახლს პირდაპირ ოჯახს, გაყიდვის უფლებით. ამას ის მოყვა, რომ პირველმა ოჯახებმა გაყიდეს ბინა და ბავშვები დარჩნენ ქუჩაში. ამის შემდეგ შევცვალეთ და 10 წლის ვადით ვუფორმებდით ოჯახს, მაგრამ გაყიდვა არ შეეძლოთ. 10 წელი გავიდა, რამოდენიმე ოჯახმა გაყიდა სახლი. ახლა ჩვენ პირობაში ასეთი რამე გვაქვს: ოჯახს ეკუთვნის სახლი, ოღონდ სანამ ყველაზე უმცროსი ბავშვი არ გახდება სრულწლოვანი, მას გაყიდვის უფლება არ აქვს და მგონი ეს არის აბსოლუტურად სწორი. ეს საქმე არ შეიძლება რომ მალე არ დაიხუროს, რადგან არ არის არაფერი. ამდენი ხანი ვიჯექით, ძალიან კარგად იყო დასმული კითხვები, ყველაფერს პასუხი გავეცი. ბატონი მოსამართლე და გამომძიებელი დარწმუნდნენ, რომ ეს ბრალი უსაფუძვლოა. ის ინტერნეტში გავრცელებული ფილმი, სადაც საუბარია, რომ შემოწირულობის 20 თუ 30% ხმარდებოდა მხოლოდ ბავშვებს, დეზინფორმაციაა. ამაში დარწმუნდა პროკურატურაც, რომ შემოწირულობის 100 პროცენტი იხარჯებოდა და ახლაც იხარჯება ქველმოქმედებაზე. იმას რომ ფონდ "იავნანაზე" შეტევა ჩემ გამო ხდება წყალი არ გაუვა, რომ იყოს მარტო ფონდი "იავნანა", ფილმი, არ იქნებოდა მარტო მახათას მთაზე გადაღებული, რადგან მე ვხელმძღვანელობ, ფილმი გადაიღეს ამაზე და ამიტომაც ეს ნათელია. ფონდი "იავნანა" არის ერთადერთი ისეთი ორგანიზაცია, რომელსაც ანალოგი არ აქვს მსოფლიოში",- განაცხადა ბურჭულაძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ, ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო.

ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძემ საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე უარი განაცხადა. მან ჩვენების მიცემა სასამართლოში ისურვა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე