სასამართლომ მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო

საქართველო, თბილისი - 15:48 | 09.02.2018
ნანახია: 783

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბ.კ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის იანვრიდან - 2017 წლის 23 ნოემბრის ჩათვლით, განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ბ.კ. მეუღლეს ს.ც.-ს ხშირ შემთხვევაში სხვა პირთა თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა, რის გამოც დაზარალებული ტანჯვას განიცდიდა. ასევე დადგინდა, რომ 2017 წლის 23 ნოემბერს, ქ. თბილისში მან მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც ს.ც.-მ ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა განიცადა. 

სამართალდამცველებმა ბ.კ. 2017 წლის 29 ნოემბერს ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება,  რამაც გამოიწვია ტანჯვა, ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია) ორ ეპიზოდზე წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბ.კ. დამნაშავედ სცნო წარდგენილი ბრალდების ორივე ეპიზოდში და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე