სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის ცემისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

საქართველო, თბილისი - 13:38 | 02.02.2018
ნანახია: 899

თბილისის საქალაქო სასამართლომ გენდერული იდენტობის ნიშნით მირანდა ფაღავას ცემისთვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქალაქო სასამართლო ავრცელებს.

„ბ.ო.-ს ბრალად ედება ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. 
საქმე ეხება 2018 წლის 28 იანვარს გენდერული იდენტობის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით მ.ო.-ს ცემის ფაქტს, კერძოდ 04:00 საათზე, თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, ბრალდებულმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ.ო.-ს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლომ მიიჩნია რომ, სახეზე იყო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ისე ფაქტობრივი საფუძვლები. ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმდინარე გამოძიებისათვის ხელის შეშლის საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 19 მარტს, 12:30 საათზე გაიმართება“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე