წითელ ბაღთან მოზარდების დაჭრის საქმეზე, სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 13:53 | 01.02.2018
ნანახია: 888

„ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა, პოლიციის შენობაში ვიმყოფები და როგორც ვატყობ, დაკავებულები არიან“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ წითელ ბაღთან მოზარდების დაჭრის საქმის ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ.

სამართალდამცავებმა ვაკე-საბურთალოს მე-7 განყოფილებაში გამოკითხვაზე ის მესამე მოზარდი დაიბარეს, რომელიც დაპირისპირებაში მონაწილე პირებს აშველებდა. დაჭრილი მეგობრები საავადმყოფოში სწორედ მან გადაიყვანა.

რამაზ ჩინჩალაძე „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბარში მისი დაცვის ქვეშ მყოფის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას კატეგორიულად გარმორიცხავს. თუ რა სახის ინფორმაციას მიაწვდის მოზარდი სამართალდამცავებს, ადვოკატი ამაზე საუბრისგან თავს იკავებს.

 „სანამ ოფიციალურად არ ჩამოვაყალიბებთ ინფორმაციას და ჩვენებას, წინასწარ, საზოგადოებისთვის არასწორი ინფორამციის მიწოდება არ მინდა“, - აცხადებს ჩინჩალაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ყაზბეგის გამზირზე მდებარე წითელ ბაღში, 35-ე სკოლის ორი მოზარდი დაჭრეს. ორივე მოზარდს გულმკერდის არეში შემავალი ჭრილობა აქვს, კერძოდ, ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის წინა ზედაპირზე მარცხენა მხარეს. ისინი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ამ დრომდე რჩებიან.

ოფიციალური ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, სამართალდამცავებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე