სასამართლომ რასობრივ დისკრიმინაციაში ბრალდებულებს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

საქართველო, თბილისი - 15:34 | 31.01.2018
ნანახია: 873

თბილისის საქალაქო სასამართლომ რასობრივი დისკრიმინაციის ბრალდების საქმეზე ორ პირს სასჯელის სახედ და ზომად 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 

საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2015 წლის 19 სექტემბერს, ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საღამოს საათებში, მსჯავრდებულებმა ნიგერიის მოქალაქეებს ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც არსებითად ხელყო მათი უფლებები. იმავე დღეს, ლევან ა.-მ , მეტროსადგურ რუსთაველის მიმდებარედ, ასევე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სხვა ფერადკანიან პირებს.

„ირაკლი ა.-ს და ლევან ა.-ს სასამართლომ დამნაშავედ ცნო რასობრივ დისკრიმინაციაში, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ, ეროვნული ან რასობრივი მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე რასის, კანის ფერის, ეროვნული ან ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეზღუდვაში, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება. 

ნაწილობრივ დახურულ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2015 წლის 19 სექტემბერს, ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საღამოს საათებში, მსჯავრდებულებმა ნიგერიის მოქალაქეებს ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც არსებითად ხელყო მათი უფლებები. იმავე დღეს, ლევან ა.-მ , მეტროსადგურ რუსთაველის მიმდებარედ, ასევე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სხვა ფერადკანიან პირებს. სასჯელის დანიშვნისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებულების პიროვნება, მათი წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ და ის გარემოება, რომ ისინი იყვნენ ნასამართლობის არმქონე პირები და სასჯელის სახით გამოიყენა წარდგენილი მუხლით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმ“,- ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე