მერიას არ დაუკვეთავს ეს პროექტი, დაუკვეთა სატრანსპორტო კომპანიამ - მამუკა კობახიძე

საქართველო, თბილისი - 12:50 | 31.01.2018
ნანახია: 1378

[თბილისის] მერიას არ დაუკვეთავს ეს პროექტი, დაუკვეთა სატრანსპორტო კომპანიამ არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მამუკა კობახიძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ექსპერტიზის, ასევე ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნები არსებობს, თუმცა, რა ეტაპზე იქნა შეცდომები დაშვებული, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

„კომპანიამ დაუკვეთა პროექტი, ჩატარდა ტენდერი, გაიმარჯვა შპს-მ და აწარმოა სარემონტო სამუშაოები. დღეს მიმდინარეობს უკვე გამოძიება და შესაბამისად, შეცდომა დაშვებული იყო საპროექტო დონეზე, თუ სამშენებლო დონეზე, ამას უკვე გამოძიება დაადგენს. გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ. მერიას არ დაუკვეთავს ეს პროექტი, დაუკვეთა სატრანსპორტო კომპანიამ არსებული საჭიროებიდან გამომდინარე“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე: უნდა დადგეს თუ არა სატრანსპორტო კომპანიის მაშინდელი ხელმძღვანელის, ნუგზარ ჭეიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც ახლა ამავე კომპანიის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტს იკავებს, კობახიძე პასუხობს: „მან დაუკვეთა პროექტი შესაბამის კომპანიას, რომელსაც ჰქონდა პროექტირების უფლება, გამოცხადდა ტენდერი და გამარჯვებულმა კომპანიამ შეასრულა სამუშაოები. თუ რაიმე კითხვა არსებობს, საგამოძიებო უწყების პრეროგატივაა გამოიძიონ. არსებობს როგორც შესრულებული სამუშაოს ექსპერტიზის, ასევე ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნები, თუმცა, რა ეტაპზე იქნა შეცდომები დაშვებული, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს“, - განაცხადა მამუკა კობახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე